ადამიანის ციხიდან გათავისუფლება შიმშილობის აქციის დაწყებით ვერ მოხდება - ეს არის გამორიცხული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განუცხადა.
მისივე თქმით, უხერხული ტერმინია "შერიგება" და გაუგებარია, ვინ ვის ურიგდება.
„ეს ტერმინი ერთხელ საკუთარ წერილში მიხეილ სააკაშვილმა ახსენა და მთელი მედია იმეორებს. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ეროვნული თანხმობის მიღწევა არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა. დიახ, ეს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა განსაკუთრებით დღეს, როდესაც ვხედავთ როგორი გააქტიურებულია რუსეთი საგარეო მიმართულებით და როგორ კატეგორიულ ულტიმატუმებს უყენებს არა საქართველოს, უკრაინას და რომელიმე სხვა ქვეყანას, არამედ ისეთ დიდ ალიანსებს, როგორიცაა ნატო, ევროკავშირი და ასე შემდეგ. ამ ფონზე ეროვნულ თანხმობის მიღწევა, რომ რაღაც საკითხებში ვიყოთ ერთად, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბუნებრივია, არის კარგი პროცესი. რაც შეეხება მასობრივ შიმშილობას თუ ჩანაცვლებით შიმშილობას, როგორც თავად თქვეს და მათ მოთხოვნას, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე, ეს არის კონტრპროდუქტიული", - განაცხადა სოზარ სუბარმა.