“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, შიმშილობის აქცია მანამდე გაგრძელდება, ვიდრე საბოლოო მიზანი მიღწეული არ იქნება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან ბევრ ადამიანს სურს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებულ შიმშილობის აქციას შეუერთდეს.
„ქართული ოცნების“ მხრიდან ცინიკური დამოკიდებულება მოსალოდნელიც იყო, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეიცვალოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათი ეს დამოკიდებულება შეიცვლება, იმიტომ, რომ ასეთი მასშტაბური შიმშილობის აქცია, მგონი 30 წელია საქართველოს არ უნახავს. ბუნებრივია, ეს აქცია მანამდე გაგრძელდება, ვიდრე საბოლოო მიზანს არ მივაღწევთ. მესამე დღეა, რაც ჩვენი თანამებრძოლები შიმშილობენ. ჯერჯერობით მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და ნორმალური, მუდმივად არიან მედიკოსების კონტროლის ქვეშ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი ჯანმრთელობა დაცული იყოს. ყოველდღიურად გვემატება ხალხი, დღესაც ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, რომ ამ აქციაში ჩაერთოს, თუმცა, ჩვენ მკაცრად ვაკონტროლებთ თითოეული აქციის მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ძალიან ბევრ ადამიანს უარიც ვუთხარით, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამებოდა იმ ნორმებს, რომელსაც ასეთი აქცია ექვემდებარება“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
მისი თქმით, პარტიის ბევრს ლიდერს ჰქონდა სურვილი, რომ ამ აქციაში ჩართულიყო, მათ შორის პირადად მას.
„ძალიან ბევრ ლიდერს აქვს სურვილი, რომ ამ აქციაში ჩაერთოს, მათ შორის ჩემი სურვილიც იყო, მაგრამ აქ არის ორი მთავარი საკითხი. ერთი ის, რომ ზოგიერთ ჩვენგანს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს და მეორე, ამ აქციის გარდა, კიდევ იქნება სხვა სახის აქციები. ბუნებრივია, ყველამ რომ იშიმშილოს, ფიზიკურად ადამიანური რესურსი ამას ვერ გაწვდება. გარდა ამისა, მოსაგვარებელია ლოჯისტიკური თემები. ასეთი ტიპის აქციას სერიოზული ორგანიზება სჭირდება და ლიდერებმა გადავინაწილეთ ფუნქციები, ვინ რას ვაკეთებთ“, -განაცხადა უდუმაშვილმა.
მისი თქმით, გარდა შიმშილობისა, იქნება სხვადასხვა ტიპის საპროტესტო აქციები. ამასთან, ზაალ უდუმაშვილის თქმით, მათ ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია ადვოკატებისა და დეპუტატების მეშვეობით, თუმცა შიმშილობის დაწყება სააკაშვილის „ინსტრუქცია“ არ ყოფილა.
„ინსტრუქციები არ არის. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია ადვოკატებისა და დეპუტატების მეშვეობით მიხეილ სააკაშვილთან და თითოეული ნაბიჯი არის შეთანხმებული. ერთმანეთს ვუზიარებთ აზრებს და ასე ვიღებთ გადაწყვეტილებას“, -განაცხადა უდუმაშვილმა.
როგორც მან განმარტა, პარტიის ოფისთან უშედეგოდ ითხოვდნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მორიგეობას.
„ჩვენ პირველი დღიდან მივმართეთ შესაბამის სამსახურებს, რომ აქ პირველი დღიდან ემორიგევათ მედიკოსებს. წინასწარ ვერ გათვლი, თუ როდის დაგჭირდება სამედიცინო მომსახურება, თუმცა დღემდე უშედეგოა ჩვენი ეს მოთხოვნა. მიუხედავად ამისა, ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი სამედიცინო პუნქტი, სადაც არიან ექიმები, რომ მოშიმშილეები მუდმივი კონტროლის ქვეშ იყვნენ“, - აღნიშნა უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ამჟამად 12 კარავია გაშლილი და 300-მდე ადამიანი შიმშილობს. ადგილზე შეკრებილები მოითხოვენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდეს.