მეეჭვება, რომ ვინმეზე უფრო ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინოს ამ მასობრივმა შიმშილობამ, ვიდრე პარლამენტარების შიმშილობა და სააკაშვილის შიმშილობა იყო - სააკაშვილის გათავისუფლება მეეჭვება, რომ შიმშილობით მოხერხდეს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, მასობრივი შიმშილობის აქციის დაწყების შესახებ.
მისი თქმით, თუ ოპოზიციამ შიმშილობა საზოგადოების ორად გახლეჩვად წარმოაჩინა და შემდეგ დასავლეთს პოლარიზაციის მოხსნის სურვილი გაუჩინა, მაშინ შესაძლებელია დასავლეთმა ხელისუფლებას უკან დახევა მოსთხოვოს.
„სააკაშვილის გათავისუფლება მეეჭვება, რომ შიმშილობით მოხერხდეს, თუნდაც იმ გამოცდილების ფონზე, რომ აქამდეც იყო სააკაშვილისა და სხვების შიმშილობა, მაგრამ სააკაშვილის მდგომარეობა ამით არ შეცვლილა. მასობრივი შიმშილობაც ძალიან ბუნდოვანი მცნებაა. მეეჭვება, რომ ვინმეზე უფრო ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინოს ამ მასობრივმა შიმშილობამ, ვიდრე იყო პარლამენტარების შიმშილობა და სააკაშვილის შიმშილობა. ორივემ - პარლამენტარების შიმშილობამ და სააკაშვილის შიმშილობამ სააკაშვილის ბედში ცვლილება ვერ შეიტანა. ალბათ, ოპოზიცია ფიქრობს და არის ამაში ლოგიკა, რომ თუ მოახდენს რევოლუციას და გადატრიალებას, ეს შედეგის მიღების ერთ-ერთი გზა იქნება. არის ასევე, მეორე ვარიანტი, რომ თავისი საპროტესტო აქციებით მიიქციოს ყურადღება დასავლეთის პარტნიორების და მიიღოს ისეთი შედეგი, როგორიც იყო რამდენიმე პატიმარზე, სადაც დასავლეთმა ხელისუფლებას მოსთხოვა მათი გათავისუფლება, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერჯერობით არც დასავლეთისგან ჩანს ისეთი იმპულსები, რომ მას სურდეს აქტიური ჩარევა ამ პროცესში. თუ ასეთ მასობრივ შიმშილობას საზოგადოების ორად გახლეჩვად, დაპირისპირებად წარმოაჩენენ და დასავლეთს გაუჩენენ სურვილს, რომ მოიხსნას პოლარიზაცია, მაშინ პოლარიზაციის მოხსნის გამო, დასავლეთმა შესაძლოა, ხელისუფლებას მოსთხოვოს უკან დახევა - ეტყობა ამაზეა გათვლილი ეს აქცია, მაგრამ თვითონ დასავლეთმა გამოაცხადა შარლ მიშელის დოკუმენტის ჩავარდნის მერე, რომ არ აპირებს საქართველოს შიდა პროცესებში ჩარევას და რეალურადაც ვხედავთ, რომ დასავლეთისგან იმ პროცესებზე, რაც საქართველოში ხდება, რეაქციები თითქმის არ არის“, - განაცხადა საყვარელიძემ.