მიხეილ სააკაშვილის უპირობო გათავისუფლება ატარებს პერსონალურ ხასიათს და შესაბამისად, არ შეიძლება მიეკუთვნებოდეს პოლიტიკური მოთხოვნის კატეგორიას. ის რომც იქნას მიღწეული, საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობები „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ კი არ შემცირდება, არამედ უფრო გაძლიერდება, - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მასობრივი შიმშილობის დაწყებას.
გია ხუხაშვილის აზრით, შიმშილობა კანონის ფარგლებში ეტევა და პროტესტის მისაღები ფორმაა, მაგრამ თუ მოთხოვნების კორექტირება არ მოხდა, ამ სახით მხოლოდ დააზიანებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ პერსპექტივას.
„მასობრივი შიმშილობის აქტი კანონის ფარგლებში ეტევა და შესაბამისად პროტესტის რადიკალური, მაგრამ მისაღები ფორმაა. პრობლემა სხვა რამეშია - ატარებს თუ არა პროტესტის მოთხოვნები პოლიტიკურ, თუ პერსონალურ ხასიათს? ჩემის აზრით, პოლიტიკური იქნებოდა სამართლიანი მართლმსაჯულების მოთხოვნა როგორც მიმდინარე, ასევე უკვე დასრულებულ საქმეებზე, ახალი გარემოებების აღმოჩენის, ან რაიმე სხვა მექანიზმით. ტექნიკურ საკითხებზე აქ არ ვისაუბრებ. ეს თვით სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მომავლისთვისაც სასარგებლო იქნებოდა, რადგან მათ უნდა ესმოდეთ, რომ სააკაშვილს მხოლოდ მომხრეები არა ყავს. მას ყავს მოწინააღმდეგეებიც და კიდევ უფრო მეტი ისეთი მოქალაქე, რომელსაც სჭირდება გარკვევა, რასთან გვაქვს რეალურად საქმე?
ასე რომ, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროტესტი ამ სახით, ის მხოლოდ დააზიანებს „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ პერსპექტივას. თუ მოთხოვნების კორექტირება მოხდა სამართლიანი მართლმსაჯულების მიმართულებით არა მხოლოდ სააკაშვილთან მიმართებაში, არამედ სისტემურად, მაშინ ამ პროტესტს აქვს შანსი“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.