დრო გვაქვს ძალიან ცოტა, ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ მიხეილ სააკაშვილი რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს - გადავდივართ ბრძოლის ახალ ეტაპზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან მასობრივი შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც უდუმაშვილი აცხადებს, საკუთარ გადაწყვეტილებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მისვლის შემდეგ გააჟღერებს.
"გადავდივართ ბრძოლის ახალ ეტაპზე, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ამ დღეების განმავლობაში ვისაუბრეთ და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რადგან დრო გვაქვს ძალიან ცოტა, შესაბამისად, ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ მიხეილ სააკაშვილი რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს, ამიტომ მივმართეთ ბრძოლის ამ ფორმას, რომელსაც ჰქვია მასშტაბური შიმშილობის აქცია. ვინ იშიმშილებს გვარები და სახელები არ არის გაწერილი, შეგიძლიათ წამობრძანდეთ ჩვენს ოფისში, სადაც ნახავთ ადამიანებს, ვინც დასხდებიან საშიმშილოდ. ჩემს გადაწყვეტილებასაც ადგილზე გეტყვით”, - განაცხადა უდუმაშვილმა.
მან აბსურდი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მსგავსი ფორმით პროტესტი მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმი იყო.
„სრულიად აბსურდულია. მიხეილ სააკაშვილი და სხვები არ ვსაუბრობთ ერთმანეთში ასეთი ტერმინებით, ჩვენ ვართ ერთი ორგანიზმი და ნებისმიერ შემთხვევაში ხდება ხოლმე აზრების გაცვლა - გამოცვლა, ოღონდ ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო პარტიაში შიგნით", - განაცხადა უდუმაშვილმა.
ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებს. გადაწყვეტილება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გააცნო. მისი განცხადებით, შიმშილობის აქცია იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.