ბრძოლის ხაზი გადის ყველგან, სადაც თავისუფლებას გვართმევენ - დასაკარგი დრო არ გვაქვს, ყოველი წუთი და დღე გადამწყვეტია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
უდუმაშვილმა მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პუტინის პირადი პატიმარი ქართულ ციხეში იმყოფება, რაც ქვეყნის სირცხვილია.
„დღეს ჩვენი ბრძოლის ხაზი აქ გადის! ბრძოლის ხაზი გადის ყველგან, სადაც თავისუფლებას გვართმევენ. ჩვენი ბრძოლის ხაზი გადის ყველგან, სადაც უსამართლობაა და უკანონობა. რა თქმა უნდა, მთავარი ბრძოლის ხაზი გადის მიხეილ სააკაშვილზე. დღეს პუტინის პირადი პატიმარი ქართულ ციხეში იმყოფება! ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი. სირცხვილია, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის დაბადების დღეს ციხეში ხვდება. ეს ყველაფერი ჩვენი გადასაწყვეტია. ნუ იფიქრებთ, რომ დღეს „ქართული ოცნება“ წყვეტს რამეს. დღეს ყველაფერს საქართველოს მოქალაქე წყვეტს, თუ რამდენად აქტიურები ვიქნებით, რამდენად არ დავიღლებით, რამდენად ვიბრძოლებთ ისეთი თავგანწირვით, რომლის მაგალითიც მიხეილ სააკაშვილმა გვაჩვენა. ზუსტად ასე მივაღწევთ საბოლოო გამარჯვებას. მიშაც გათავისუფლდება და ეს ქვეყანა მოიპოვებს თავისუფლებას.
დღეს პოლიტიკურ ჩიხში ვართ შესულები. ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი. „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა შეიყვანა პოლიტიკურ ჩიხში, აქედან გამოსავალი, რა თქმა უნდა, არის, ოღონდ ეს გამოსავალი არ არის დაპირისპირებაში, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, რომ დაყოს საზოგადოება, მისიანებად და მტრად. დღეს გამოსავალი ერთიანობაშია! გაერთიანებაში! წარსულს ჩავაბაროთ პოლიტიკური შურისძიება და პოლიტიკური დევნა“,- აღნიშნავს უდუმაშვილი.
ზაალ უდუმაშვილის თქმით, გამარჯვების მთავარი ეტაპი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იქნება.
„როდესაც ჩვენ გამარჯვებას მივაღწევთ, გამარჯვების მთავარი ეტაპი იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. არ დავიღლებით არცერთი წუთი და არცერთი დღე. აქციები იქნება, დიდი თუ პატარა. ყველა პროტესტის გზას გამოვიყენებთ, რომლის საშუალებასაც კონსტიტუცია გვაძლევს. დღეს არ არის დრო, მოვლენებს ტელევიზორიდან ვუყუროთ, დღეს არის დრო, როდესაც თითოეულმა ჩვენგანმა თითო აგური უნდა დადოს ამ ქვეყნის მომავლისთვის. დასაკარგი დრო არ გვაქვს, ყოველი წუთი და დღე გადამწყვეტია“,-აღნიშნავს უდუმაშვილი.
მან ასევე მოუწოდა აქციის მონაწილეებს სააკაშვილისთვის დაბადების დღე მიელოცათ, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: გილოცავთ! გილოცავთ!