„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მორიგი საერთო კრება გაიმართა. საერთო კრებაზე, ასოციციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა მოქმედ მედიატორებს მედიატორთა ასოციაციის საქმიანობის ერთ წლიანი ანგარიში წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია" ავრცლებს.
კრებაზე განხილულ იქნა ასოციაციის წესდებაში და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულებაში შესატანი ცვლილებები, რომელსაც მხარი დაუჭირეს კრებაზე დამსწრე წევრებმა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" სერტიფიცირების პროგრამის დებულების შესაბამისად, ნებისმიერი ქვეყნის მედიატორს აქვს უფლება მიმართოს ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს გარკვეული ვადით საქართველოში სამედიაციო პრაქტიკის განხორციელების უფლების მიღების მოთხოვნით. 2021 წლის 18 დეკემბრის საერთო კრების გადაწყვეტილებით, სერტიფიცირების პროგრამის დებულების ახალი რედაქციით კიდევ უფრო გამარტივდა, უცხოელ მედიატორთა მხრიდან საქართველოში მედიაციის განხორციელების შესაძლებლობა.
კრებაში მონაწილე მედიატორებმა ასევე განიხილეს და დაამტკიცეს "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ განგრძობადი პროფესიული განვითარების დებულება, რომელიც 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
„განგრძობადი პროფესიული განვითარების დებულება გულისხმობს საგანმანათლებლო და საკვალიფიკაციო მოთხოვნების არსებობას მედიატორებისთვის, ხოლო მისი მიზანია ხელი შეუწყოს მედიატორთა პროფესიული უნარ-ჩვევების და ცოდნის გაღრმავებას როგორც საკუთარი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის, ისე მედიაციის მომხმარებელთა სასარგებლოდ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა განაცხადა, რომ მედიატორები ფოკუსირებული არიან პიროვნულ და პროფესიულ ზრდაზე.
„პროფესიული განვითარება განგრძობადი პროცესია, რომლის ფარგლებშიც მედიატორები ფოკუსირებას ახდენენ პიროვნულ და პროფესიულ ზრდაზე, საკუთარი ძლიერი მხარეების თვით-შემეცნებაზე და იმ სფეროების იდენტიფიცირებაზე, რა მიმართულებითაც მათ დამატებითი მუშაობა და გაუმჯობესება ესაჭიროებათ“, - განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.