მედიაციის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში „საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ“ მოსამართლეებთან და სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ნათქვამია სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასოციაციის ინფორმაციით, მათი ორგანიზებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა სამუშაო შეხვედრა „სინგაპურის კონვენციის როლი და მნიშვნელობა საქართველოსთვის“.
ორგანიზაციის ცნობით, ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის მენეჯერმა ლიანა ქარცივაძემ - ნათქვამია ინფორმაციაში
ასოციაციის თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა, ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი „მედროშე“ ქვეყანა სინგაპურის კონვენციის ხელმომწერ ქვეყნებს შორის და მან ასევე ხაზი გაუსვა სინგაპურის კონვენციის როლსა და მნიშვნელობას საქართველოში.
ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ საერთაშორისო კომერციული დავების მედიაციის გზით გადაწყვეტისას სინგაპურის კონვენცია უზრუნველყოფს, კონვენციის ხელმომწერ ქვეყნებში მიღწეული სამედიაციო მორიგების აღსრულებას საქართველოში, რაც საქართველოს საერთაშორისო ბიზნესს სექტორში განსაკუთრებულ როლს მიანიჭებს.