ერთადერთი წნეხი, რაც ეროვნულ ბანკს გააჩნია, არის მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულება უზრუნველყოს ინფლაციის შენარჩუნება მის მიერვე განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2024 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
კოვზანაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნულმა ბანკმა ფასების სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს, რაც მისი მანდატი და კონსტიტუციური მოვალეობაა.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ინფლაცია საქართველოს ეკონომიკისა და მოსახლეობის მთავარ პრობლემად და მთავარ გამოწვევად რჩება.
“შეიძლება ბევრი ვისაუბროთ, თუ რამ გამოიწვია და განაპირობა მაღალი ინფლაცია, რა როლი ითამაშა ფასების საერთო დონის ზრდაში ენდოგენურმა თუ ეგზოგენურმა ფაქტორებმა, ერთჯერადმა გადაწყვეტილებებმა, მაკრო, მიკრო, თუ ფისკალურმა ღონისძიებებმა, მაგრამ ეს ცვლადები საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს, მოსახლეობას აწუხებს და ადარდებს ფაქტი - მაღალი ინფლაცია! მოსახლეობას აწუხებს ცალკეულ სასაქონლო ჯგუფებზე ფასების 30-40%-ით გაზრდა“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
დღეს სესიაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2024 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარემ კოლეგებს მოუწოდა, წარდგენილ დოკუმენტს მხარი დაუჭირონ.