გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი და „მედიატორთა ასოციაცია“, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით 14 დეკემბერს 15:00 საათიდან არტჰაუსში (რუსთაველის გამზირი 7) გამართავენ საქართველოში ბიზნესისა და ადამიანის უფლებების პირველ ფორუმს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგნლები, რათა განიხილონ სახელმწიფოს მიერ მიღწეული პროგრესი სახელმძღვანელო პრინციპების 1-ლი და მე-3 სვეტების განხორციელებაში.
„წარმოდგენილი პრეზენტაციები და მრგვალი მაგიდის დისკუსია ფოკუსირებული იქნება საქართველოს მთავრობის მიერ პოლიტიკის დონეზე მიღებულ მექანიზმებზე, რომლებიც ახალისებს ბიზნეს სექტორში UNGP-ების დანერგვას; ასევე ქვეყანაში არსებული დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის ეფექტიანობაზე, რომელიც გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების მესამე სვეტიდან გამომდინარეობს.
2021 წლის 14 დეკემბერი მედიატორის დღეა საქართველოში და ამ დღეს „მედიატორთა ასოციაციის“ დაარსებიდან ორი წელი სრულდება, ამიტომ ღონისძიების ფარგლებში განხილული და ხაზგასმული იქნება UNGP-ის საჩივრების განხილვის მექანიზმის მნიშვნელობა კერძო სექტორის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტისთვის.
ღონისძიებას გახსნიან გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და საერთაშორისო პარტნიორები.
ღონისძიებას დაესწრებიან ეკონომიკის სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის, მთავრობის ადმინისტრაციისა, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნეს გაერთიანებების წარმომადგენლები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.