სამწუხაროდ, შერიგებასა და სიმართლის დადგენაზე პოლიტიკოსები ისე არაკომპეტენტურად საუბრობენ, რომ დიდი ალბათობით, ამ თემის ინფლაციას მოახდენენ, - ასე გამოეხმაურა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ე.წ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოდელის გამოყენებას „სიმართლისა და შერიგების კომისიის“ შექმნასთან დაკავშირებით.
როგორც დოლიძე განმარტავს, შერიგების და სიმართლის პროცესზე საუბარი კარგია, მაგრამ დაგვიანებული.
„ეს უნდა გაკეთებულიყო მაშინ, როცა ქვეყნისთვის იყო საჭირო და არა მაშინ, როცა თავად დასჭირდათ. ჩვენ რომ შერიგების და სიმართლის კომისია გაგვეკეთებინა 2012-2013 წლებში, როდესაც მე პირველად დავაყენე ინიციატივა, ეს ცხრა წელი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ არ ვისაუბრებდით. ეს თემა უკვე შეფასებული იქნებოდა, სისტემას გამოვამზეურებდით და ვერავითარ სუს-ს, კუდ-ს და სოდ-ს „ქართული ოცნება“ სათავისოდ ვერ გამოიყენებდა.
შერიგებას წინ უძღვის საკითხების გარჩევა, მსხვერპლისთვის და დაზარალებულისთვის ასპარეზის მიცემა, რომ მოყვეს რა მოხდა და რა ზიანი მიადგა. ამას ისმენს ის, ვინც ბრალდებულია, იაზრებს ჩადენილ დანაშაულს და აღიარებს. ასე ხდება ორი მხარის შერიგება. ეს არის სიმართლისა და შერიგების პროცესის საფეხურები ისე, როგორც წარიმართა სამხრეთ აფრიკაში.
სამწუხაროდ, საქართველოში შერიგებასა და სიმართლის დადგენაზე პოლიტიკოსები ისე არაკომპეტენტურად საუბრობენ, რომ დიდი ალბათობით, ამ თემის ინფლაციას მოახდენენ. ფაქტია, სიღრმისეულად ამ თემას არავინ უყურებს, არავინ ამბობს, ვინ ვის და რატომ უნდა შეურიგდეს. მაგალითისთვის, რატომ უნდა შეურიგდეს ვინმე ირაკლი კობახიძეს, რომელსაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში არანაირი ზიანი არ მიდგომია და ერთი ჩვეულებრივი ჩინოვნიკი იყო. ამიტომ, სიმართლის და შერიგების პროცესში ჩართულები უნდა იყვნენ დაზარალებული ადამიანები, ყოფილი პოლიტიკური პატიმრები, მიტინგზე ნაცემები და დარბეულები, ისინი, ვისაც მოუკვდათ შვილი ან მშობელი. მსხვერპლმა უნდა აპატიოს მათ, ვინც იძალადეს. მათ უნდა აგვიწერონ როგორ მუშაობდა სისტემა იმ პერიოდში. სამი პრეზიდენტის შეკრება და სიმართლის და შერიგების პროცესი, აბსოლუტურად სხვადასხვა რამაა. სამხრეთ აფრიკის პროცესი პოლიტიკოსების შეკრებასთან არავითარ კავშირში არ არის. ამ პროცესში მთავარი გამოსავალია დაზარალებულების და მსხვერპლებისთვის ასპარეზის მიცემა. ეს არის შერიგების პროცესი“, -აღნიშნავს ანა დოლიძე.
ანა დოლიძის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.