პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტზე პასუხისმგებლობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებმაც უნდა აიღონ.
როგორც კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, როგორიც ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკაა, რაც განსახილველად პარლამენტში შედის, უნდა იყოს განხილული ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოს - საბჭოს მიერ.
"პასუხისმგებლობა აღნიშნულ დოკუმენტზე უნდა აიღოს როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ასევე საბჭოს წევრებმაც", - განაცხადა კოვზანაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2024 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
კომიტეტის თავმჯდომარე დაინტერესდა, იყო თუ არა ჩართული აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები და იღებენ თუ არა ისინი სათანადო პასუხისმგებლობას.
კოვზანაძის განცხადებით, სამომავლოდ ეროვნულმა ბანკმა უნდა გაითვალისწინოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აღნიშნული მოთხოვნა.
დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2024 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილა და მიზანშეწონილად მიიჩნია დოკუმენტის საპარლამენტოს სესიაზე განხილვა.