მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს შემდეგ სასამართლო პროცესზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებისა და აქციის გამართვისკენ მოუწოდებს , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა კობა ნაყოფიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ნაყოფიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან რაც უფრო მეტი ადამიანი მივა, მით უფრო ნაკლები იქნება სამართალდამცავების მხრიდან აგრესია.
„იუსტიციის სამინისტრო პრაქტიკულად დაემუქრა მიხეილ სააკაშვილს და მის მხარდამჭერებს, თუ აქციებს მოვაწყობთ სასამართლოსთან, მას ისევ გლდანის ციხეში გადაიყვანენ. მიუხედავად ამისა, სააკაშვილი მოუწოდებს მხარდამჭერებს, რომ მოვიდნენ, აქცია გამართონ. გუშინ, როდესაც სააკაშვილს სასამართლოზე ასამართლებდნენ, ვნახეთ როგორ არბევდნენ სამართალდამცავები მშვიდობიანად მოსულ ადამიანებს, როგორ ასხამდნენ წიწაკის სპრეებს და ასე შემდეგ. ამიტომ რაც უფრო მეტი ვიქნებით და მეტი ხალხი მივა, მით უფრო ნაკლები იქნება მათი აგრესია. ამიტომ მიხეილ სააკაშვილი მომხრეებს მოუწოდებს, ისინი აუცილებლად მოვიდნენ შემდეგ სასამართლო პროცესზე“, - განაცხადა ნაყოფიამ.
როგორც ნაყოფიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის სერიოზულად ემზადება პროცესისთვის.
„მოლოდინი აქვს, რომ დაასწრებენ სასამართლო პროცესს. ის აუცილებლად წარდგება აღნიშნულ სასამართლო პროცესზე, როგორც ბრალმდებელი. ძალიან სერიოზულად ემზადება ამ პროცესისთვის და მას ექნება ე..წ საბრალდებო დასკვნა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობას წარუდგენს. გარდა ამისა, ის კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს საზოგადოებას და გააცნობს სამომავლო გეგმებს“, - განაცხადა ნაყოფიამ.
ამასთან, ნაყოფიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს და ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციას „კარგად ფლობს“.