„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" ორგანიზებით და დონორი ორგანიზაციის გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, ასოციაციის წევრებისათვის ტრენინგი თემაზე: "ბავშვებთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური ასპექტები სამოქალაქო მედიაციაში" ჩატარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს მედიატორთა ასოციაცია" ავრცელებს.
ღონისძიება „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ ემი ქლანსმა გახსნეს.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ღონისძიებები და აქტივობები უაღრესად მნიშვნელოვანია მედიაციის განვითარებისთვის, და მათ შორის არსებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში კიდევ ბევრ მსგავ აქტივობის განხორციელებას უზრუნველყოფენ მომავალში.
ამასთან, ტრეინგზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები როგორიც არის: ბავშვის განვითარების და ბავშვთან ურთიერთობის თავისებურებები, ფსიქოლოგის როლი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში ბავშვის მონაწილეობით, მშობელი-ბავშვის ფსიქოლოგიური სირთულეები, ოჯახში ძალადობა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ბავშვის ფსიქოლოგიური თავისებურებები და სხვა.
„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარის ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით, სპეციალიზირებული მედიატორების ჩართულობა სამედიაციო პროცესში, უზრუნველყოფს პროცესის დროს ბავშვებისადმი უთანასწორო მოპყრობის გარეშე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატეს გათვალისწინებას, მათი ღირსების დაცვას, კეთილდღეობას და უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ ასოციაცია მუდმივად ზრუნავს და ხელს უწყობს ასოციაციის წევრ მედიატორებს პროფესიულ განვითარებაში.