დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენის გასაჯაროებაზე უარი სასამართლოში გაასაჩივრა.ამის შესახებ ინფორმაციას დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2021 წლის 15 ოქტომბერს, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა განცხადებით და მოითხოვა მიხეილ სააკაშვილის მიმართ 2018 წლის 5 იანვარს გამოტანილი განაჩენის გადმოცემა, რომლის მოწოდებაზეც პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით უარი ეთქვათ. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული უარი არის უკანონო და დაუსაბუთებელი.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად ცნო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის იმ ნორმების ნორმატიული შინაარსი, რომლებიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას. შესაბამისად, დღეისათვის არ არსებობს რაიმე ნორმა, რომელიც კრძალავს აღნიშნული გადაწყვეტილების სრული სახით გადმოცემას.
ხელისუფლების უარი, კიდევ უფრო აბსურდულია იმის ფონზე, როდესაც ხელისუფლება მომეტებული საჯარო ინტერესის მოტივით თავისი ინიციატივით ასაჯაროებს პატიმარ სააკაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობას, სრული უფლება აქვს იცოდეს, თუ რისთვის იქნა მსჯავრდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. შესაბამისად, იმედი გვაქვს სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელს და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ გამოტანილი განაჩენი გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი.
დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი, მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალებისგან (ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები, სამართლის ექსპერტები) შემდგარი ჯგუფია, რომლის მიზანია საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება საზოგადოებასთან დიალოგის და ადვოკატირების გზით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
განცხადებას უერთდებიან: