ურთიერთგამომრიცხავ ფაქტებზე საუბრობენ ადვოკატები - ერთი ამბავი აქვთ, რომ დაუძლურდა და რატომ არ გადაჰყავთ კლინიკაში და მეორე მხრივ, ამბობენ, რომ ძალას მოიკრებს და სასამართლო პროცესს დაესწრება, იმდენად აბსურდში არიან, თავად ვერ ხვდებიან,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი ჟურნალისტებთან სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
როგორც ის აღნიშნავს, დღევანდელი აქციებიც სააკაშვილთან დაკავშირებით "ერთი დიდი სცენარის ნაწილია". ამასთან, ყაველაშვილმა შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდა, იმოქმედონ კანონის ფარგლებში და არ გადაამეტონ ძალაუფლებას.
„მოვუსმინე პენიტენციური სამსახურის განმარტებას და მკაფიოდ იყო აღწერილი, რატომ ვერ დაესწრო სააკაშვილი სასამართლო პროცესს. სააკაშვილის ადვოკატებსაც მოვუსმინე და ურთიერთგამომრიცხავ ფაქტებზე საუბრობენ. ერთი ამბავი აქვთ, რომ დაუძლურდა და რატომ არ გადაჰყავთ კლინიკაში და მეორე მხრივ, ამბობენ, რომ ძალას მოიკრებს და სასამართლო პროცესს დაესწრება. იმდენად აბსურდში არიან, თავად ვერ ხვდებიან. თუ ცუდად არის, ვერ გადაადგილდება, მძიმედ არის და კლინიკაში გადაყვანა უნდა, სასამართლო პროცესზე, მით უმეტეს, ასეთ ემოციურ ფონზე პატიმრის დასწრება როგორ შეიძლება?! ამ კითხვას ვსვამ ადვოკატებისთვის და "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებისთვის. ეს არის ერთი დიდი სცენარი, დიდი აბსურდის ნაწილი, რასაც ეს აქციებიც ემსახურება, საზოგადოება ვერ დააინტერესეს, რომ მეტი ადამიანი მივიდეს, ყველამ ყველაფერი იცის, ადვილად გასაშიფრია მათი ღვარძლიანი, აღტკინებული საუბარი,"- განაცხადა ყაველაშვილმა.