„ნაცობა“ სირცხვილი არ არის, „ნაცობა“ ბოროტებაა. სააკაშვილი ვერ იქნება პირველი თუ შეწყალებაზე იქნება საქმე, შეიძლება ბოლოდან პირველი იყოს მისი დანაშაულებებიდან გამომდინარე - ის შემოიპარა როგორც ვირთხა და ის დააკავეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდეს, აუცილებელია, რომ ბოროტება დამთავრდეს.
„ასეთი კითხვა დამისვეს - „ნაცობა“ სირცხვილია? „ნაცობა“ სირცხვილი არ არის, „ნაცობა“ ბოროტებაა. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვინც ურთიერთობს, სირცხვილია. ეს იყო რეჟიმი და არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ. თუ გვინდა, რომ დავასრულოთ ამ ქვეყანაში პოლარიზაცია, აუცილებელია, რომ ბოროტება დამთავრდეს და სწორედ ბოროტება არის „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიებმა უნდა გაათვითცნობიერონ, რომ თუ იმას ეთანხმებიან, რომ მართლა რეჟიმი იყო და სჩადიოდა დანაშაულს, მაშინ არ შეიძლება ორმაგი სტანდარტით მუშაობა პოლიტიკურ სივრცეში.
სულ მუდმივად ისმის, რომ 30 წელი ერთ წრეზე ვტრიალებთ და ვერაფრით ვერ მივდივართ წინ და ერთი და იგივე აზრი სუფევს ჩვენს საზოგადოებაში.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ - თუ ვინმეს მიმართ, რა თქმა უნდა, პატიმრების მიმართ და მარტო სააკაშვილი არ არის პატიმარი, დაახლოებით 7000-მდე პატიმარია იმ რეჟიმისგან განსხვავებით, რომელსაც 30 000 პატიმარი ჰყავდა და 300 000-მდე პრობაციონერი, ის ვერ იქნება პირველი თუ შეწყალებაზე იქნება საქმე, შეიძლება ბოლოდან პირველი იყოს მისი დანაშაულებებიდან გამომდინარე. მაგრამ თუ ვართ ამ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები უნდა შევძლოთ და მოვერიოთ ჩვენს თავს ამიტომ, ვლაპარაკობ მე, როგორც მოქალაქე - თუ შეიძლება მე სოლიდარული ვიყო, სოლიდარული ვიქნები მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც განაცხადა, რომ არასოდეს არ შეიწყალებს იმიტომ, რომ მას ახსოვს ირინა ენუქიძის თვალები, მას ახსოვს ბუტა რობაქიძის დედის თვალები და გვახსოვს უამრავი დანაშაული. მოერიეთ თქვენს თავს ჩემო კოლეგებო და ძვირფასო საზოგადოება, მოერიეთ თქვენს თავს. სააკაშვილი არ ჩამოსულა და არ ჩაბარებული, ის შემოიპარა როგორც ვირთხა და ის დააკავეს. „ნაცობა“ სირცხვილი არ არის, „ნაცობა“ ბოროტებაა. სირცხვილი ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობაა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.