გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გზავნილები
პანდემიის ფონზე მსოფლიო არაერთი გამოწვევის წინაშეა. პანდემიამდე არსებული საფრთხეებისა და COVID-19-ის თანმდევი გამოწვევების გასაანალიზებლად სახელმწიფოები გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე 76-ჯერ შეიკრიბნენ. გენერალური დებატების ძირითადი თემა ქვეყნების გამძლეობის გაზრდას ეხებოდა, რაც გულისხმობს კორონავირუსისგან ხალხის გამოჯანმრთელებას, ეკონომიკის მდგრად აღდგენას, პლანეტის საჭიროებებზე რეაგირებასა და ადამიანის უფლებების პატივისცემას.
2021 წლის სექტემბრის ტრადიციულ სესიაზე გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა საკმაოდ მკაფიო განცხადება გააკეთა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მან აღნიშნა: „არასწორი მიმართულებით სვლის გამო მსოფლიო უნდა გამოფხიზლდეს...დროა ტრანსფორმაციისა და მულტილატერალიზმის კვლავ განვითარების“. რთულია არ დაეთანხმო გენერალურ მდივანს, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც გაერო-ს უშიშროების საბჭო მის ფუნქციებს სათანადოდ ვერ ასრულებს.
გაერო-ს შექმნის ისტორიის ანალიზის შედეგად უნდა ითქვას, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების ავტორებს სურდათ, შეექმნათ კოლექტიური უსაფრთხოების ეფექტური სისტემა. გაერო-ს წესდების 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სწრაფი და ეფექტური მოქმედების უზრუნველსაყოფად მისი წევრები უშიშროების საბჭოს აკისრებენ მთავარ პასუხისმგებლობას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად. მიუხედავად გაერო-ს წესდების შემქმნელთა სურვილისა, აღნიშნული სისტემა არ აღმოჩნდა ქმედითი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის პროცესში.
უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრების ინტერესების გათვალისწინებითა და მათ მიერ ვეტოს უფლების გამოყენებით სათანადო გადაწყვეტილებების მიუღებლობამ საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი მთავარი ორგანო არაქმედითი გახადა.
უშიშროების საბჭოს გამოწვევებზე განსაკუთრებული ყურადღება უკრაინის პრეზიდენტმა გაამახვილა. ზელენსკიმ შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭრა: „1945 წელს იალტის კონფერენცია ყირიმში ჩატარდა, სადაც პრაქტიკულად მსოფლიოს ახალ წესრიგთან დაკავშირებული საკითხები და გაერო-ს დაფუძნებისათვის კონფერენციის გამართვა გადაწყდა. დღეს იალტა და მთლიანობაში ყირიმი ანექსირებულია“, - აღნიშნა მან. მეტიც, უკრაინის პრეზიდენტმა დასვა კითხვა გაერო-ს განახლების შესაძლებლობებზე მაშინ, როდესაც ადგილი, სადაც გაერო-ს შექმნის იდეა აღმოცენდა, ანექსირებულია უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მიერ. მან სახელმწიფოებს მოუწოდა შეუერთდნენ დეოკუპაციის შესახებ ყირიმის პლატფორმას, რათა დაგმონ ოკუპაცია და აჩვენონ, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლას მსოფლიოში.
საყურადღებოა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის გზავნილები. მან განაცხადა, რომ დროა ერთობლივი მოქმედებების განხორციელების.
„დავასრულოთ პანდემია, დავძლიოთ კლიმატური ცვლილებების გამოწვევები, ვმართოთ გლობალურ დონეზე ძალთა დინამიკასთან დაკავშირებული ცვლილებები, ჩამოვაყალიბოთ წესები ისეთ სასიცოცხლო მნიშვნელობის თემებზე, როგორიცაა: ვაჭრობა, კიბერსივრცე, მზარდი ტექნოლოგიები, ტერორიზმთან ბრძოლა“, - აღნიშნა ბაიდენმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბოლო რვა თვეა პრიორიტეტად აქცია პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავება, რაც აშშ-სათვის არსებითი და ცენტრალური საკითხია. ბაიდენმა კვლავ დაადასტურა ერთგულება ნატო-ს მე-5 მუხლისადმი. ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს მოკავშირეებთან ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, რომელიც დაეხმარება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს გაუმკლავდეს როგორც დღევანდელ, ასევე ხვალინდელ გამოწვევებს.
„ჩვენ დავასრულეთ ავღანეთში 20-წლიანი კონფლიქტი და მას შემდეგ, რაც დასრულდა შეუპოვარი ომის ერა, ვიწყებთ შეუპოვარი დიპლომატიის ერას,“ - განაცხადა ბაიდენმა. მისი თვალთახედვით, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა იმუშაოს ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელიც მიისწრაფვის საერთო გამოწვევების მშვიდობიანი მოგვარებისაკენ. მსოფლიოში მთელი რიგი გამოწვევების დასაძლევად ამერიკა დიპლომატიური საშუალებების გამოყენებაზეა ფოკუსირებული.
პრეზიდენტ ბაიდენის ინიციატივას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და აღნიშნა: „კვირის დასაწყისში შევიტყვეთ შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის მოწოდების შესახებ - გლობალური თანამშრომლობა გაიზარდოს ყველაზე მსხვილი გამოწვევების დასაძლევად. საქართველოში არა მხოლოდ ვიზიარებთ ამ პოზიციას, არამედ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით მზად სხვისთვის დახმარების აღმოსაჩენად. ასე მოხდა ავღანეთში, სადაც 32 მამაცი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო ბევრი სხვა დაიჭრა და დაშავდა თავისუფლებისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში“. ასევე, საქართველომ ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის ცენტრი შექმნა ავღანეთიდან ევაკუირებული ათასობით ადამიანისთვის და ხელი შეუწყო 60-ზე მეტი ავიარეისის შესრულებას. აღნიშნული ფაქტები ცხადყოფს, რომ ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, რაც ზრდის ნდობას და ხელს უწყობს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებას. პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა აუცილებელი ფაქტორია საქართველოს ისეთი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, როგორებიცაა: ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში, ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.
მსოფლიოში ახალი, მათ შორის ციფრული წესრიგის ჩამოყალიბების ტენდენციები და საქართველო
გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაჟღერებული გზავნილების პარალელურად იკვეთება ცვლილებები ძალთა ბალანსის თვალსაზრისით. თუმცა ეს არ გულისხმობს ახალ ცივ ომს და შესაბამისად, არც ბანაკებად დაყოფილ მსოფლიოს. პირიქით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ანალიზის შედეგად უფრო მკაფიო ხდება რეგიონალური აქტორების გაძლიერებასთან ერთად ორმხრივი და სამმხრივი ფორმატების განვითარების აუცილებლობა. მაგალითად, 2021 წლის 15 სექტემბერს ავსტრალიამ, გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უსაფრთხოების პაქტს ხელი მოაწერეს. ამ სამმხრივი ფორმატის მიზანია თავდაცვითი და უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებით საერთო გამოწვევებთან გამკლავება. 2021 წლის 28 სექტემბერს სამხედრო და თავდაცვის საკითხებზე გაფორმებული შეთანხმება საფრანგეთსა და საბერძნეთს შორის ითვალისწინებს საფრანგეთის მიერ საბერძნეთისათვის სამხედრო დახმარების გაწევას, ასევე, ფრეგატების მიყიდვას. „ჩვენ გვჭირდება რეაგირება და ჩვენება იმისა, რომ თავად გვაქვს ძალა და უნარი საკუთარი თავის დაცვის“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას.
„ეს არ არის ალტერნატივა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ალიანსისა. ეს არ ნიშნავს ჩანაცვლებას, მაგრამ გულისხმობს ევროპის დონეზე პასუხისმგებლობის აღებას ნატო-ს ფარგლებში და საკუთარი დაცვის საშუალებებზე ზრუნვას“, - დასძინა პრეზიდენტმა მაკრონმა.
ამავდროულად, ევროკავშირი განიხილავს ევროპის თავდაცვის ძალების ჩამოყალიბების საკითხს. ევროკავშირის თვალთახედვით, აღნიშნული ძალები თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებასა და მშვიდობის შენარჩუნებაში საკუთარ, ავტონომიურ წვლილს შეიტანენ. თუმცა ეს, ასევე, ნიშნავს ნატო-სთან მჭიდრო თანამშრომლობას.
ამასთანავე, თავისუფალი სამყაროს ლიდერები ყურადღებას ამახვილებენ დემოკრატიული ღირებულებების დაცვაზე. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია პრეზიდენტ ბაიდენის განცხადება იმის თაობაზე, რომ "ავტორიტარიზმი მსოფლიოში შეიძლება ცდილობდეს დემოკრატიის ხანა დასრულებულად გამოაცხადოს, მაგრამ ისინი ცდებიან. დემოკრატიული სამყარო ყველგანაა“. დემოკრატიისათვის ბრძოლა და მისი დაცვა განაპირობებს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უზრუნველყოფას.
ასევე, მსოფლიოში, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე, ყოველდღიურად იკვეთება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მნიშვნელობა. მონაცემთა ეპოქაში ახალი ციფრული წესრიგის ჩამოყალიბების მომსწრენი ვხდებით, რომელიც სახელმწიფოებისგან ახალ მიდგომებსა და ხედვებს მოითხოვს, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ციფრული პოლიტიკის, ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციური მომსახურების განვითარების მიმართულებით.
ახალი, მათ შორის ციფრული წესრიგის ჩამოყალიბების კვალდაკვალ საქართველოს საერთაშორისო არენაზე ახალი ნიშის პოვნა სჭირდება, რაც მიიღწევა ქვეყანაში სტაბილური გარემოს უზრუნველყოფითა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით.
2 ოქტომბრის არჩევნების მშვიდობიან და სამართლიან გარემოში ჩატარება უნდა გახდეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი თანამედროვე, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში. ევროპული დემოკრატიული სისტემის შექმნა აუცილებელი წინაპირობაა თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში ღირსეული ადგილის დაკავებისა და ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვისათვის.
ხათუნა ბურკაძე
ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორი, პროფესორი, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებული