ეკა გიგაური - მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტონ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური „ქართული ოცნების“ კრიტიკას პასუხობს და მმართველ პარტიას მოუწოდებს, შეწყვიტოს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია. ამის შესახებ ეკა გიგაურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ წევრის, გივი მიქანაძის მიერ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისადმი დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ეკა გიგაურის თქმით, მიქანაძის ტონი მიუღებელია, საჩივარი კი, რომლითაც ორგანიზაციამ საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართა, ლეგიტიმური იყო.

„პირველ რიგში, რა ტონითაც ის საუბრობდა, აბსოლუტურად მიუღებელია, იმიტომ, რომ ჩვენი დაკვირვების ხარისხი ნამდვილად არ დაიწუნება, არანაირი პრობლემა არ აქვს. მეორე - ჩვენი საჩივარი იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური და კანონის ინტერპრეტაციას აკეთებს შესაბამისი ორგანო, საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელსაც ჩვენ მივმართეთ და შესაბამისად, მან უნდა გადაწყვიტოს ამ საჩივარში იყო თუ არა სწორი მოთხოვნები. დღეს, როდესაც მმართველი პარტია წინასწარ აკეთებს განცხადებას, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საარჩევნო ადმინისტრაციამ, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი იმის გათვალისწინებით, რომ კითხვები არის თვითონ ამ ადმინისტრაციის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ყველა ვაკვირდებით, როგორ იმუშავებენ ისინი ამ არჩევნების პერიოდში. ამიტომ, ფაქტობრივად, მათ დავალება და გეზი მისცეს ადმინისტრაციას, რა გადაწყვეტილება მიიღოს ამ კონკრეტულ საჩივართან დაკავშირებით. რა ტონითაც საუბრობენ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, ეს არის ჩვენი დისკრედიტაციის მცდელობა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, ამიტომ, ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედონ და შეწყვიტონ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია“, - აცხადებს ეკა გიგაური.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ დღეს მოუწოდა ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, „მომავალში მეტი ყურადღებით დააკვირდნენ საარჩევნო ღონისძიებებს და აღარ დაუშვან არასწორი ინტერპრეტირება და შეფასება, რამაც საარჩევნო გარემოზე უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს“.

როგორც მან აღნიშნა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ არასწორი ინტერპრეტაციით შეაფასა ოზურგეთის მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის სამედიცინო პერსონალთან შეხვედრა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა