ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამ წუთებში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპარლამენტართან ისაუბრებს იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს გამოსავალი საკითხიდან, რაც მმართველი პარტიის მიერ მიშელის დოკუმენტის ანულირებას ეხება.
მისი თქმით, ხელისუფლება არ აღიარებს, რომ კრიზისია და მათ დააშავეს, ამიტომ რთულია იყოს მოლოდინი, რომ მმართველი პარტია რამეს გადაწყვეტს და პოზიციას შეცვლის.
„პირადად მე ვისაუბრებ იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს აქედან გამოსავალი. რა თქმა უნდა, ორგანიზაციამ ჩვენი პოზიცია გავაჟღერეთ, რომ ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი და რომ ხელისუფლებამ უარი თქვა რეფორმების გზით ქვეყნის განვითარებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა ვიბრძოლოთ ჩვენი დემოკრატიული მომავლისთვის, მაგრამ ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება დასავლეთის მხარდაჭერა, აშშ-ს და ევროკავშირის", - აცხადებს ეკა გიგაური.