ჯერ დაიწყეს მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოძიებები. ახლა, უკვე კონკრეტულ ჟურნალისტებზე თავდასხმით უნდათ, რომ გააჩერონ მედია. რთული ვითარებაა, ჩემთვის ეს არის მზადება არჩევნებისთვის, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს სასტუმრო „რედისონში" განუცხადა, სადაც სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს თემაზე - „მედიის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული მძიმე ვითარების განხილვა და პრობლემების გადაჭრის მექანიზმების მოძიება“.
ეკა გიგაურის შეფასებით, ხელისუფლება კრიტიკული მედიის გაჩერებას ცდილობს.
„ძალიან რთული ვითარებაა, რომელსაც კიდევ უფრო ამწვავებენ ხელისუფლება და კონკრეტული თანამდებობის პირები, როდესაც თავიანთი განცხადებებით მოუწოდებენ ადამიანებს, რომ თავს დაესხან კრიტიკული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს. ამ მიზნის მიღწევას ისინი ძალიან დიდი ხანია ცდილობენ. ცდილობენ გააჩერონ მედია. ჯერ დაიწყეს მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოძიებები და ახლა, უკვე კონკრეტულ ჟურნალისტებზე თავდასხმით უნდათ, რომ გააჩერონ მედია. ძალიან რთული ვითარებაა. ჩემთვის ეს არის მზადება არჩევნებისთვის, იმიტომ, რომ ამ არჩევნების მოგება მათთვის ძალიან რთული იქნება, თუ საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას, რა ხდება ქვეყანაში კორუფციასთან, ცუდად მართულ პამდემიასთან დაკავშირებით და ა.შ.
ფაქტობრივად, ისინი ასე ემზადებიან არჩევნებისთვის, იმისათვის, რომ გააჩერონ მედია. მე აქ, ვარ იმიტომ, რომ პირველ რიგში, მხარდაჭერა გამოვხატო. ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს მედიაგარემოსთან დაკავშირებით, ჟურნალისტების უფლებებს ჩვენ ვიცავთ, მაგრამ ყოველდღე მინდა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა ყველა მედიასაშუალებასთან მიმართებით", განაცხადა ეკა გიგაურმა.