ქართული პრესის მიმოხილვა 17.05.2021

მამუკა არეშიძე - “ჩვენი საზოგადოება დაიღალა ამ პოლიტიკური ფარსით...”

ახალი დავა და ომის განახლების საფრთხე - რა ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

მამუკა ხაზარაძე - “დადგება დრო და ყველა გაიგებს, როგორ ჩაშალეს ივანიშვილის დავალებით საუკუნის პროექტი!”

შევა თუ არა “ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში - რას ჩამოიტანს მელია კიევიდან

“სულხან მოლაშვილი არ იყო პოლიტპატიმარი და მელია და რურუა არიან პოლიტპატიმრები? არ რცხვენიათ, ამას რომ ამბობენ?” - თამაზ მოლაშვილი

* * *

მამუკა არეშიძე - “ჩვენი საზოგადოება დაიღალა ამ პოლიტიკური ფარსით...”

“მე თუ მკითხავთ, ეს ყველაფერი ფარსია. თუ დააკვირდებით, ბოლო ხანს სულ სხვა თემები გახდა ოპოზიციისთვის მთავარი: ამნისტიის, მელიას გამოსვლა-არგამოსვლის და ა.შ. “უპრეცედენტო გაყალბებაზე” აღარავინ ლაპარაკობს, არადა, მთელი ეს არეულობა მაგის გამო არ წამოიწყეს, მაგის გამო არ ამბობდნენ მანდატებზე უარს?.. ჩვენს საზოგადოებას კარგა ხანია მოჰბეზრდა მთელი ეს პროცესი, დაიღალა ამ ფარსით. ქვეყანას რა ეშველება, ამაზე არავინ ფიქრობს, არც იმაზე, რა როლი ექნება ჩვენს ქვეყანას ამ ახალ მსოფლიოში, რომელიც აგერ ჩვენ თვალწინ დინამიკურად იცვლება. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, პარტიის გადამწყვეტი უმრავლესობისთვის გადამწყვეტია სააკაშვილის ფაქტორი. მისთვის კი მიუღებელია საპარლამენტო ცხოვრება”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩვენი საზოგადოება დაიღალა ამ პოლიტიკური ფარსით...”

“საქმე ისაა, რომ სააკაშვილს თავიდანვე ჰქონდა ასეთი ამოცანა - “ნაცმოძრაობას” ძალაუფლება ნებისმიერი ხერხით უნდა აეღო. ეს ამოცანა ვერ შესრულდა. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი აგრესიულად არის განწყობილი თავისი გუნდის წევრების მიმართ, რადგან მიიჩნევს, რომ მათ დასახული ამოცანა ვერ შეასრულეს. თუმცა, ვფიქრობ, სააკაშვილიც შეიცვლის აზრს და რადგან თუ ოპოზიციის ერთიანობა ვერ შენარჩუნდა, პარტიის იმ წევრებს, ვინც მას ემორჩილებიან, პარლამენტში შესვლის უფლებას მისცემს. “ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრი უკვე ისედაც შესულია. ვფიქრობ, პარტიისთვის სირცხვილია, როცა პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, რომლის სათავეში ყოფნისასაც მიიღო პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა, უკვე საკანონმდებლო ორგანოშია, ესენი კიდევ გაიძახიან, არ შევალთო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

ნიკა მელიას მიმართ კეთილგანწყობა ოპოზიციის ნაწილში ნამდვილად არის, რაც კულუარულადაც მოვისმინე. როდესაც გიორგი ვაშაძე ამბობს, ვითანამშრომლებ მელიასთან, მაგრამ არა “ნაციონალურ მოძრაობასთანო”, ეს ასე იშიფრება: ვითანამშრომლებ მელიასთან და არა სააკაშვილთანო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ მელია სააკაშვილის ნების საწინააღმდეგო ნაბიჯს გადადგამს, მაშინ ის შეიძლება მართლაც იქცეს ზეპარტიულ ლიდერად. ციხიდან გამოსული მელიას საუბარს თუ დავაკვირდებით, მან სცადა არავინ გაელანძღა, ყოფილიყო მაქსიმალურად კორექტული. ის ცდილობს მართლაც წარმოჩნდეს როგორც საერთო-ოპოზიციური ლიდერი, რომელსაც სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები ჭკუას ჰკითხავენ. ამ როლს ის ჯერჯერობით კარგად თამაშობს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მას ამგვარი ლიდერის სტატუსის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება სააკაშვილთან დაპირისპირების გარეშე” - განაგრძობს რესპონდენტი.

“უნდა ითქვას ისიც, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერთა რიგმა ქმედებებმა მელია უხერხულ ვითარებაში ჩააგდო ჯერ კიდევ ციხეში ყოფნისას. მხოლოდ მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა არც ციხეში ჩაჯდომა და არც თავდაპირველად გირაოს გადახდაზე უარის თქმა. ის ოპოზიციური დღის წესრიგით იქცეოდა ასე, საბოლოოდ კი ოპოზიციის ლიდერები თავის პოზიციებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების კარნახით ისე იცვლიდნენ, რომ მელია აშკარად უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდა. საბოლოოდ მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა, მათ შორის ხელისუფლებამ, ქვეყანა უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს. ისე გამოვიდა, რომ ჩვენ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება არ შეგვიძლია დასავლელი პარტნიორების გარეშე. ჩემთვის, მაგალითად, ძალიან მძიმე იყო იმ ფირის ნახვა, როდესაც ოპოზიციის ლიდერები ორბელიანების სასახლეში დამნაშავეებივით იდგნენ შარლ მიშელის წინაშე. იქ ყველაზე ღირსეულად ქვეყნის პრეზიდენტი ჩანდა”, - ამბობს ექსპერტი.

“ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში თუ ცალ-ცალკე გამოვლენ, სასტიკ მარცხს იწვნევენ. ისედაც ნიჰილისტურად არის განწყობილი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკური სპექტრის მიმართ და დაქსაქსული ოპოზიციის მიმართ რა დამოკიდებულება ექნება ელექტორატს, წარმომიდგენია. მით უფრო, რომ მალე ახალი მოთამაშეები შემოდიან ოპოზიციურ ფლანგზე. ვგულისხმობ, გიორგი გახარიასა და ლევან ვასაძის პარტიებს... ის, რომ “ქართულ ოცნებაში” ყველაფერი რიგზე ვერ არის, აშკარად ჩანს, კახი კახიშვილზე კი შემიძლია გითხრათ, რომ ის არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც სახელისუფლებო ვერტიკალიდან გასვლას სერიოზული მიზეზისა და დიდი წყენის გარეშე გადაწყვეტდა, რადგან ძალიან ერთგული ადამიანია. კობახიძემ კი განაცხადა, კახიშვილს ორი კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ და უარი თქვაო, მაგრამ გააჩნია, რომელი კომიტეტების თავმჯდომარეობა შესთავაზეს - კახიშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც თანამდებობის გამო ყველაფერზე თანახმა იქნება. ეს ყველაფერი მოწმობს, რომ რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პარტიიდან, ფუნქციები მოიშალა და ვინ რა გადაწყვეტილებას იღებს, ვერ გაიგებ”, - დაასკვნის მამუკა არეშიძე.

“რაც შეეხება დაპირისპირებას “ქართულ ოცნებაში” და პარტიულ თანამდებობებზე ცვლილებებს, მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში ყრილობა იქნება და იქ გაირკვევა ყველაფერი. მათ, ვინც განსაკუთრებით ამღვრევენ “ოცნებაში” წყალს და ცდილობენ ძლიერი ფიგურების მოშორებას, ფაქტია, ამ ფიგურების გარეშე წარმატების მიღწევის შნო არა აქვთ... ძლიერ ფიგურაში კონკრეტულად არავის ვგულისხმობ, მაგრამ რაკი თქვენ ახსენეთ კალაძე, მოდი, მასზეც ვთქვათ ორი სიტყვა. აშკარაა, რომ ვიღაცას ძალიან სურს მისი პარტიიდან გარიყვა, მაგრამ კალაძის წასვლა ასე იოლი არ იქნება “ქართული ოცნებისთვის”. კალაძეს აქვს უკვე პოლიტიკური ბიოგრაფია, ის არის პოლიტიკური ფიგურა და როცა აღარ იქნება თბილისის მერი, მაინც დარჩება გავლენიან კახა კალაძედ, მაგრამ ისინი, ვინც მას ებრძვიან, როგორც კი აღარ იქნებიან ამა თუ იმ თანამდებობაზე, იმ წუთიდან დაკარგავენ ყოველგვარ გავლენას და ფასს”, - მიიჩნევს რესპონდენტი

“სიმართლე გითხრათ, პარტიაში ახლანდელ პოლიტიკურ შემადგენლობას რომ ვუყურებ, კალაძის გარდა, ვერავის ვხედავ ისეთ ფიგურას, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატობის შემთხვევაში წარმატების მიღწევას შეძლებს. არ ვიცი, შეიძლება არაპოლიტიკური ფიგურა მოძებნონ და საზოგადოებრივი წრიდან დაასახელონ ვინმე, მაგრამ ჯერჯერობით ასეთიც არავინ ჩანს. თუ ოპოზიცია არ გაერთიანდება, კიდევ ექნება “ქართული ოცნების” კანდიდატს გამარჯვების შანსი, მაგრამ თუ გაერთიანდება და ის ახალი მოთამაშეებიც ძლიერ კანდიდატებს დააყენებენ, მაშინ სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რას მოახერხებს მმართველი პარტია”, - ამბობს არეშიძე და შეკითხვაზე - “ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი როგორ შეიძლება აისახოს საქართველოზე?” - პასუხობს:

“ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს აქამდეც იყენებდნენ მსხვილი მოთამაშეები სათავისოდ, საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად. ვერც წარმოიდგენთ, რა სიმდიდრეში ცხოვრობენ ამ პალესტინური რადიკალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები. ისინი ფულს სწორედ სამხედრო მოქმედებების გაჩაღებისთვის იღებენ, ამიტომაც მუდმივად საბრძოლო მდგომარეობაში არიან. ყატარი და კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანა აქტიურობენ და ახალისებენ ამ პროცესებს. შესაბამისად, ეს გაგრძელდება დაუსრულებლად, სანამ კონფლიქტში ძირეული გარდატეხა არ მოხდება. ისრაელმა გამოაცხადა სახმელეთო ოპერაციის დაწყების თაობაზეც. ეს იქნება ურთულესი ოპერაცია, ღაზის სექტორში შესვლა ორივე მხარეს დიდ მსხვერპლს მოუტანს”.

“ისრაელის არმია ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში ტექნოლოგიური განვითარებით და რაც უმთავრესია, იდეოლოგიით, რაც დამყარებულია იმაზე, რომ ისრაელის სახელმწიფო უნდა არსებობდეს და მორჩა. ამას ემსახურება ყველაფერი ისრაელში. ასეთივე ვითარება რომ გვქონდეს საქართველოში, ბევრად ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებოდით. როგორც უკვე გითხარით, ამ პროცესებში მსხვილი მოთამაშეები არიან ჩართული. დააკვირდით თურქეთის აქტიურობას. ერდოღანმა განაცხადა, ჩვენ და რუსეთს შეგვიძლია ეს კონფლიქტი მოვაგვაროთო. წარმოიდგინეთ, რუსეთი მართლაც რომ მომრიგებელი გახდეს, რა შეიძლება მოხდეს. კრემლში ისე გაიტრუნნენ, მგონი, მართლა ელიან მიპატიჟებას. სწორედ ეს არის რუსეთის ამოცანა. ის წლების განმავლობაში ცდილობდა დაბრუნებულიყო ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ-სამხედრო სივრცეში ისე, როგორც ადრე საბჭოთა კავშირი იყო. სირიაში ეს მოახერხა, ახლაც აუცილებლად ეცდება თავისას. ვიზიარებ საერთაშორისო ექსპერტთა შეშფოთებას იმის გამოც, რომ ამ კონფლიქტმა შეიძლება გააქტიუროს ტერორისტული ორგანიზაციები მსოფლიოს მასშტაბით”, - განმარტავს ექსპერტი.

“ეს ყველაფერი დიდ გავლენას მოახდენს უპირველესად ჩვენს მოკავშირეებზე. დიდი გამოცდა ელის მათ თავდაცვისუნარიანობას, სამხედრო პოტენციალს, დიპლომატიას. ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული... ყარაბაღის კონფლიქტში ჩვენმა მოკავშირეებმა წააგეს, შედეგად კი სამხრეთკავკასიურ პოლიტიკაში მათი გავლენა მაქსიმალურად შეიზღუდა. იგივე ვითარება არ მინდა განმეორდეს ახლო აღმოსავლეთში, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ისრაელი მსოფლიო პოლიტიკისთვის ბევრად დიდი სუბიექტია. ამერიკამ ინიციატივის ხელში აღებას აპირებს, უკვე გაგზავნეს თავისი წარმომადგენლობა, ვნახოთ, რა იქნება. თუ ჩვენი მოკავშირეების ჩარევამ ნაყოფი არ გამოიღო, ეს საქართველოზეც იმოქმედებს. ასეთი მნიშვნელოვანი პროცესებია და ჩვენ შიდა გარჩევებით ვართ დაკავებული. ეს ურთულესი რეგიონული ვითარება ჩვენი პოლიტიკოსების მიერ შექმნილი ბაკქანალიის გამო ჩვენი საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება”, - დასძენს მამუკა არეშიძე.

ახალი დავა და ომის განახლების საფრთხე - რა ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

“ახალი ტერიტორიული დავის გამო, სომხურ-აზერბაიჯანულმა კონფლიქტმა შესაძლოა ახალი ძალით იფეთქოს და შარშანდელი ომისგან განსხვავებით, ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, მასში შესაძლოა უკვე ღიად ჩაერთოს რუსეთი. ყველაფერი 12 მაისს დაიწყო, როდესაც აზერბაიჯანული ნაწილებმა სიუნიქისა და გეგარქუნის რაიონებში შევიდნენ და ის ტერიტორიები დაიკავეს, რომელთაც მანამდე სომხური მხარე აკონტროლებდა. დაძაბულობის ეპიცენტრი სიუნიქის რაიონში მდებარე ე.წ. შავი ტბაა, რომლის ნაწილსაც დღეს აზერბაიჯანელი სამხედროები აკონტროლებენ. სომხური მხარის ცნობით, აზერბაიჯანული ნაწილები სამ სხვადასხვა ადგილას შევიდნენ სომხების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, თუმცა ამ დაჯგუფებების მომარაგებისათვის საჭირო კომუნიკაციებს სომხური მხარე აკონტროლებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი დავა და ომის განახლების საფრთხე - რა ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე.

“გარდა ამისა, ახალი ტერიტორიული დავის ფონზე, აზერბაიჯანმა სომხეთის საზღვართან სამხედრო წვრთნებიც დაიწყო. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ქვეყნებს შორის ახალი ომის დაწყების საშიში კერა გაჩნდა, თუმცა ამ შემთხვევაში რუსეთი ჯერ შეეცდება, რომ აზერბაიჯანზე დიპლომატიური ზეწოლა მოახდინოს და ტერიტორიებიდან ჯარები გააყვანინოს, ხოლო ვითარების გამწვავების შემდეგ კი სომხეთ-რუსეთის 1997 წლის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კოლექტიური დაჯგუფება აამოქმედოს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სამხედრო წვრთნები 20 მაისამდე გასტანს და მასში მონაწილეობას მიიღებს 15 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე. გარდა ამისა, მანევრებში ჩაერთვება 300-მდე ჯავშანტექნიკა, 400-მდე სარაკეტო და საარტილერიო სისტემა, მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემები, ნაღმტყორცნები და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება, ასევე 50 ერთეულამდე საბრძოლო თვითმფრინავი და დრონი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ჯარის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას და გადაჯგუფებას სამამულო ომში (ასე უწოდებენ აზერბაიჯანში 2020 წლის ყარაბაღის ომს) მიღებული გამოცდილების მიხედვით” - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში და დასძენენ, რომ სამხედროები ასევე შეასრულებენ დავალებებს, რათა თავიდან აიცილონ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების პროვოკაციები და ჩაატარონ კონტროპერაციები ტერორისტების გასანეიტრალებლად. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ახალი ტერიტორიული დავა დაიწყო, რასაც შესაძლოა ქვეყნებს შორის სამხედრო კონფლიქტის განახლება მოჰყვეს, სამხედრო წვრთნების შესახებ 12 მაისს განაცხადეს, ხოლო 13 მაისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანი სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ხელყოფაში დაადანაშაულა. მისი თქმით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის საზღვარი გადმოკვეთეს. მათ სომხეთის ტერიტორიის შიგნით 3.5 კილომეტრით შემოიწიეს და ფაქტობრივად, ცდილობენ ალყაში მოაქციონ სევლიჩის ტბა, რომელსაც აზერბაიჯანელები ყარაგიოლს (“შავი ტბა”) ეძახიან და თავის საკუთრებად მიიჩნევენ”, - განაგრძობს გამოცემა.

“14 მაისს ფაშინიანმა დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას ხელშეკრულების მეორე მუხლის ფარგლებში მიმართა, რომლის თანახმადაც, წევრი ქვეყნისადმი საფრთხის არსებობის შემთხვევაში ორგანიზაციის წევრების ერთობლივი კონსულტაციები დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და დაზარალებული ქვეყნის მხარდამჭერი ზომები შემუშავდეს. სიუნიქში განვითარებული მოვლენების ფონზე, ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ვლადიმირ პუტინს წერილი მისწერა, სადაც 1997 წლის ორმხრივი შეთანხმებიდან გამომდინარე ოფიციალურად სამხედრო დახმარება ითხოვა. 16 მაისს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სომხეთის სუვერენიტეტის დარღვევის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. უწყების პრესსამსახური აცხადებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მხარეებს შორის სასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოება იყო, თუმცა და ყველა მათგანი მოლაპარაკების გზით გადაწყდა. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ “სომხეთის პროვოკაციული განცხადებები ამ ქვეყანაში წინასაარჩევნო ვითარებას უკავშირდება”. - დასძენს გამოცემა.

“როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, მთიანი ყარაბაღის მეორე კონფლიქტის შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი ომის დაწყების საშიში კერა გაჩნდა, თუმცა ამ შემთხვევაში რუსეთი ჯერ შეეცდება, რომ აზერბაიჯანზე დიპლომატიური ზეწოლა მოახდინოს და ტერიტორიებიდან ჯარები გააყვანინოს, ხოლო ვითარების გამწვავების შემდეგ კი სომხეთ-რუსეთის 1997 წლის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კოლექტიური დაჯგუფება აამოქმედოს. “მთიანი ყარაბაღის ომის მერე ორი ქვეყნის საზღვარზე ახალი საშიში კერა იქმნება. კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციამ აზერბაიჯანული მხარე გააფრთხილა, რომ ამ ინციდენტზე რეაგირება მოეხდინა და მოუწოდა თავი შეეკავებინა. სომხეთის მხარე მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანმა მათი კუთვნილი ტერიტორია დაიკავა. აზერბაიჯანის აზრით კი, ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა”, - ამბობს მაისაია, რომლის აზრით, “კონფლიქტი ახალ საომარ მოქმედებებში რამდენად გადაიზრდება, ამის თქმა ცოტა რთულია”, - წერს სტატიის ავტორი.

“ამ ორგანიზაციაში საინტერესო მომენტი ისაა, რომ მისი წევრები ყაზახეთი და ყირგიზეთი თურქული სოლიდარობის ნიშნით გაერთიანებულები არიან და რა პოზიციას დაიკავებენ, ეს არ ვიცი. თუმცა ეს ნატოს ალიანსი არაა, რომ დემოკრატიული ქვეყნების პოზიციები იყოს მნიშვნელოვანი, არამედ აქ რუსეთის ფაქტორია დომინანტური. ასეთ შემთხვევაში ალბათ მოსკოვი დიპლომატიის მაღალ დონეს ჩართავს და შეეცდება ზერბაიჯანი დაარწმუნოს, რომ ამ ტერიტორიიდან აზერბაიჯანული სამხედრო ნაწილები გაიყვანოს. ფაშინიანმა პუტინს სამხედო დამხარება სთხოვა, რომ ერთობლივი კოალიციური ძალების დაჯგუფება აემოქმედებინა, რომლებსაც შეუძლიათ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ავტონომიურად იმოქმედონ. რა თქმა უნდა, ეს შესაბამის ხელშეკრულების პაკეტებს ემყარება, რომლებიც მოსკოვსა და სომხეთს შორისაა დადებული”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისია.

“მოსკოვი ჯერ შეეცდება, რომ ბაქო დაარწმუნოს, ხოლო თუ ამაზე არ წავიდა, შესაძლოა მერე ძალის დემონსტრირება განახორცხიელოს და ამ შემთხვევაში სამხედრო ძალა გამოიყენოს. გამოიყენოს რუსულ-სომხური კოალიციური ძალები, რომლის საერთო რაოდენობა 5-დან 6 ათასადმე ადამიანია. მათ საკმაოდ სერიოზული შეიარაღებაც გააჩნიათ და ყოველ შეთხვევაში გარკვეულ ეტაპზე შეუძლიათ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს წინააღმდეგობა გაუწიონ. ჩემთვის ამ შემთხვევაში აზერბაიჯანის პოზიციები გაურკვეველია. არგუმენტები ძალიან სუსტია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კოლექტიური უსაფრთხოების თანამშრომლობის მოსკოვის ხელშეკრულების მეოთხე მუხლი ვერ განხორციელდებოდა, გარდა ამ მეოთხე მუხლისა. ორმხრივი კოლექტიური დაჯგუფება არსებობს, რომლის ამოქმედებაც რუსეთს შეუძლია კონკრეტულად ამ ტერიტორიების დასაცავად”, - დასძენს ექსპერტი.

მამუკა ხაზარაძე - “დადგება დრო და ყველა გაიგებს, როგორ ჩაშალეს ივანიშვილის დავალებით საუკუნის პროექტი!”

“მე გპირდებით, იმდენჯერ ივლიან მინისტრები და ჩინოვნიკები პარლამენტში ჩვენს ფრაქციაზე და იმდენ არაკომპეტენტურობას, ხშირ შემთხვევაში დანაშაულსაც ამოვატივტივებთ, რომ მათ წყნარად ძილის უფლებას არ მივცემთ”, - განაცხადა “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში ახალი ფრაქცია “ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” შექმნის შემდეგ. “ლელოს” წევრებთან ერთად ფრაქციაში არიან დეპუტატები სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი. “ჩვენ `ქართულ ოცნებას~ არ მივცემთ საშუალებას ობსტრუქცია მოუწყოს ამ ხელშეკრულებას. ყველას, დაწყებული პრემიერ-მინისტრით და დამთავრებული ეკონომიკის მინისტრით, ძალიან ბევრ კითხვაზე ექნებათ პასუხი გასაცემი: თუ რატომ გახდა ქვეყანა უპერსპექტივო, რატომ არის ისტორიულ მინიმუმზე ინვესტიციები, რატომ გაუფასურდა ლარი 100 პროცენტით და რატომ არ სთხოვენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გადადგომას, რომელიც არაკომპეტენტურია და რომელმაც დაანგრია ლარი", - ამბობს მამუკა ხაზარაძე”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “ყველა გაიგებს, როგორ ჩაშალეს ივანიშვილის დავალებით საუკუნის პროექტი!” / “20 ივნისის მონაწილე პირებს დღეს პოლიტიკაში შემოსვლა ისევ სურთ”.

“არ გვაქვს ილუზია, რომ პასუხისმგებლიანი, რეფორმისტული, ხალხის პრობლემებზე ორიენტირებული მთავრობა გვყავს და მარტივად მოვახერხებთ შარლ მიშელის დოკუმენტში ასახული რეფორმების გატარებას. წინ დიდი ბრძოლები გველის! რაც შეეხება მიმდინარე ინიციატივებს, ჩვენ გამოვალთ სერიოზული წინადადებებით ეკონომიკის ასამუშავებლად. კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობისთვის პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შექმნას ვაპირებთ. შევიმუშავებთ და პარლამენტს წარვუდგენთ საკანონმდებლო ინიციატივებს. პროცესი ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. ეკონომიკის განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული გამართულ კაპიტალის ბაზართან, რომელიც დღეს საქართველოში ძალიან სუსტია. შეზღუდულია ფინანსებზე წვდომა და არ ვითარდება ბიზნესი. საქართველოს საფონდო ბირჟა კი, რომელიც კაპიტალის ბაზრის ხერხემალია, ვერ ვითარდება და გავლენას ვერ ახდენს ეკონომიკის ზრდაზე. ის, რომ ბირჟაზე ბოლო 2 თვეში არც ერთი გარიგება არ დადებულა, მის მდგომარეობას ნათლად ასახავს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ხაზარაძე.

“ჩვენ უნდა გავხდეთ რეგიონის ფინანსური ცენტრი, ძლიერი საფონდო ბირჟით, რაც ქვეყანაში გააჩენს გრძელვადიან საინვესტიციო ფულს და ახალ სამუშაო ადგილებს. ამასთან, სერიოზულ მონიტორინგს გავუწევთ მინისტრების მუშაობას, რაც უშედეგო და ხშირად დანაშაულებრივია. შიგნიდან ყველაფერი უფრო კარგად ჩანს. შესაბამისად, შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ სახელმწიფო უწყებები მთლიანად ბიუროკრატიაზე არიან გადასული. არაპროფესიონალები (რა თქმა უნდა, არიან გამონაკლისებიც) ნეპოტიზმის წყალობით იკავებენ მნიშვნელოვან თანამდებობებს. რა დამსახურებისთვის სარგებლობს ეს ხალხი პრივილეგიებით? დღეს ქვეყანაში 540 ათასი კაცი სოცუზრუნველყოფაზეა, ქვეყნიდან მიდის ახალგაზრდობა და ეს არასრული ჩამონათვალია ჩვენი პრობლემებისა. როგორ შეიძლება ასეთი სახელმწიფოს მთავრობა იღებდეს პრემია-დანამატებს და სარგებლობდეს პრივილეგიებით?! ამ მთავრობას ქვეყნის განვითარების არანაირი იდეა და გეგმა არა აქვს. ახლა იწყებენ ათწლიანი გეგმის წერას! ახლა ათწლიანი კი არა, ერთწლიანი კრიზისიდან სწრაფად გამოსვლის გეგმა უნდა იწერებოდეს!” - დაასკვნის რესპონდენტი.

“ჩვენ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ვთანამშრომლობთ. უპირველესი ამოცანა უნდა იყოს, რომ “ოცნებას” არ გავატანოთ 43% ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. “ოცნება” არ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, ოპოზიციაშიც არიან ისეთი ძალებიც, რომლებთანაც ვერ ითანამშრომლებთ რადგან პროდასავლური კურსი და ღირებულებები ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ანდა სად ნახეთ ანაკლიის პროექტის ჩამშლელი გიორგი გახარიას პროდასავლურობა?! ეკონომიკის მინისტრის ან პრემიერის პოსტზე ყოფნის დროს რომელი პროდასავლელი ინვესტორი შემოიყვანა ქვეყანაში ან რომელ დასავლურ პროექტს შეუწყო ხელი?! მოდი, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ! 20 ივნისის ღამეს მოხდა ისეთი დანაშაულები, რომლებსაც საერთაშორისო კონვენციის მიხედვით ამნისტია არ ეხება. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ამნისტია შეეხოს ყველას. ისიც ხომ უნდა ვიცოდეთ, ვის რა ვაპატიეთ? ამ პროცესების მონაწილე პირებს დღეს პოლიტიკაში შემოსვლა ისევ სურთ^ გახარიამ პასუხი უნდა გასცეს საზოგადოების კითხვებს: ვინ გასცა დარბევის ბრძანება, ვინ დაავალა სამართალდამცავებს მოქალაქეებზე ნადირობა, ვისი ბრძანებით დაამტვრიეს სათვალთვალო კამერები და სერვერები, რომლებშიც მტკიცებულებები ინახებოდა? და ა.შ.”, - ამბობს განაცხადა “ლელოს” ლიდერი.

“რაც შეეხება იმ საგამოძიებო კომისიის მუშაობას, რომელიც 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების გაყალბების საქმეს გამოიძიებს - ეს იგივეა, კორუფციული გარიგების საქმე თავად კორუფციონერებმა გამოიძიონ. არჩევნებიც თავად ჩაატარეს და კომისიასაც თავად ქმნიან? ვის სჯერა მაგათი ობიექტურობის?! “ქართულმა ოცნებამ” შარლ მიშელის დოკუმენტში 43%-იანი ჩამკეტის შემოტანით აღიარა, რომ არჩევნები არ ჩატარდა სამართლიანად”, - დასძენს მამუკა ხაზარაძე და შეკითხვაზე - “ანაკლიის პროექტის ჩაშლის საქმეზეც თუ მოითხოვთ საგამოძიებო კომისიის შექმნას?” - პასუხობს:

“ამ თემაზე საუბარს ვერიდები, არ მინდა, საზოგადოებამ ჩემი აქტიურობა სხვაგვარად აღიქვას. ხელისუფლებამ ხომ უკვე დამაბრალა, თითქოს საკუთარ ბიზნესს ვლობირებდი. სინამდვილეში, ჩემს გუნდთან ერთად უზარმაზარი ინვესტიცია მოვიზიდე საქვეყნო საქმისთვის. საერთაშორისო დონის ინვესტორებმა იმხელა ნდობა გამომიცხადეს, რომ რუსული საოკუპაციო არმიიდან 4 კილომეტრში პორტის მშენებლობაში ჩადეს ფული. მათ ნდობას აუცილებლად გავამართლებ. დადგება დრო და ყველა გაიგებს, როგორ ჩაშალეს ივანიშვილის დავალებით საუკუნის პროექტი! ანაკლიას მაინც ავაშენებთ “ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია”.

შევა თუ არა “ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში - რას ჩამოიტანს მელია კიევიდან

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის სხვა წევრებთან ერთად კიევში, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გაფრინდა. რა პასუხს ჩამოიტანს მელია და შევა თუ არა პარტია პარლამენტში, ამ საკითხზე საუბრისას ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ კონსულტაციების შემდეგ, დიდი ალბათობით, “ნაცმოძრაობის” არაფორმალური ლიდერი მიხეილ სააკაშვილი საგანგებო მიმართვით გამოვა და ეცდება თავისი მომხრეები ენმ-ის პარლამენტში შესვლის აუცილებლობაში დაარწმუნოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას ჩამოიტანს მელია კიევიდან - ნიკა ჩიტაძის ვერსია.

“ფაქტია, რომ სააკაშვილი იმ იდეას უჭერს მხარს, რომ “ნაცრმოძრაობა” პარლამენტში შევიდეს. ამიტომაც არაა გამორიცხული, რომ მელიას გარკვეული კონსულტაციები სჭირდება. შესაძლოა ხელისუფლების მხრიდან იყოს განცხადებები, რომ “ნაცმოძრაობა”მაინც მიხეილ სააკაშვილზეა დამოკიდებული და მის მიერ იმართება, მაგრამ ფაქტია, რომ თავმჯდომარე მელიაა და კიევში ჩასვლით და სააკაშვილთან კონსულტაციით ალბათ ის მის მიმართ გარკვეულ პატივისცემას გამოხატავს. კონსულტაციის გავლა ონლაინ რეჟიმშიც შეიძლებოდა, მაგრამ, არაა გამორიცხული, რომ კიევში მხოლოდ სააკაშვილს არ შეხვდეს და უკრაინაში მემარჯვენე პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობა იგეგმებოდეს. პირველ რიგში მმართველ პარტიასთან. ესეც შეიძლება ერთ-ერთი პრიორიტეტი იყოს. ჩემი პირადი აზრია, რომ უკეთესია პარლამენტში შევიდნენ და ამისი გარკვეული მიზეზებია, თუ რატომ. აქცია გადაიდო და რომც ჩატარდეს და გააპროტესტონ, რომ ივანიშვილი ცუდია, ამით რა? “ოცნება” დასრულდება? ვერა. თუ პარლამენტში შევლენ და თუ დეპუტატები “ქართულ ოცნებას” დატოვებენ, შეძლებენ, რომ მთავრობა გადააყენონ. ახლა კახი კახიშვილიც მერყეობს, ასევე ხვალ შეიძლება სხვა გამოჩნდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“რომ თქვან, არჩევნები გაყალბდა და არ შევდივართო, თუ ასეთი პრინციპული ხარ, მაშინ არც ერთ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიგეღო და განგეცხადებინა, რომ არჩევნები “ოცნების” დანიშნულია, ხელისუფლებად არ ვცნობ და ბოიკოტს ვუცხადებთო. მაგრამ ზოგადად ეს რეალურ შედეგს ვერ მოიტანდა. ამიტომ ერთი დღისთვის არ უნდა განაცხადო, რომ არ შევდივარ და ამით გეგონოს, რომ ძალიან პრინციპული ხარ. სოციალურ ქსელში ბევრი აცხადებს, რომ “ნაცმოძრაობა” პარლამენტში არ უნდა შევიდეს, ამიტომ “ნაცმოძრაობამ” მომხრეები რომ არ დაკარგოს, როგორმე უნდა დაარწმუნოს ეს მასა, თუ რატომ უნდა შევიდნენ პარლამენტში. ისიც შესაძლებელია, რომ ნიკა მელიამ ჩამოიტანოს პასუხი, რომ “ნაცმოძრაობა” პარლამენტში არ შედის, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ თავად მიხეილ სააკაშვილი ემხრობა იმ იდეას, რომ პარლამენტში შევიდნენ, დიდი ალბათობაა, რომ მელიას ჩასვლისა და კონსულტაციების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი რაღაც მექანიზმებით ეცდება, რომ თავისი ამომრჩეველი და მომხრეები დაარწმნოს, რომ ენმ-ის პარლამენტში შესვლა აუცილებელია”, - დასძენს ჩიტაძე.

“ნაციონალურ მოძრაობას” პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია. პარტიაში აცხადებენ, რომ მსჯელობა მიდის. კონფლიქტოლოგისა და ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ამის გაჭიანურებას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს - პარტიაში აზრები სერიოზულადაა გაყოფილი და ამაზე ცხარე კამათია. ამბობს, რომ პარლამენტში შესვლას ისევე როგორც არშესვლას ბევრი პლუსები და მინუსები აქვს, თუმცა კონფლიქტოლოგი ფიქრობს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ „ნაცმოძრაობა" ახლა უფრო ამომრჩევლის გულის მოგებაზეა ორიენტირებული, ვიდრე დასავლეთის, პარტიისთვის უკეთესია პარლამენტში არ შევიდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “მე რომ “ნაცმოძრაობის” წევრი ვიყო, ფუი ეშმაკს, მაგრამ მე არშესვლის მომხრე ვიქნებოდი”, - ზაქარეიშვილი.

“არ ვიცი სხვა მიზეზები რა შეიძლება იყოს. მე უფრო მგონია, რომ აზრთა სხვადასხვაობაა, იმიტომ, რომ შესვლას, ისევე როგორც არშესვლას, ბევრი პლუსები და მინუსები აქვს. ამიტომ, როგორც ჩანს, აზრები სერიოზულადაა გაყოფილი. მე რომ “ნაცმოძრაობის” წევრი ვიყო, ფუი ეშმაკს, ვერ წარმომიდგენია ეს, მაგრამ მე არშესვლის მომხრე ვიქნებოდი. ლოგიკურად აქ უფრო მეტი პლუსი აქვს, თუმცა მინუსებიც ბევრია. დღეს პრაქტიკულად ყველა შევიდა და “ქართული ოცნება” ოპოზიციას შესვლას არანაირად არ უფასებს, ამადლის კიდეც. არანაირ თანამშრომლობაზე არ მოდიან, დასცინიან და ამადლიან, რომ - ხომ გეუბნებოდით, რომ შემოხვიდოდითო და ამ ფონზე “ნაცმოძრაობას” აქვს შანსი დარჩეს, როგორც ერთ-ერთი “სპეტაკი”. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია, მაგრამ დარჩეს, როგორც “სუფთა” ოპოზიცია, რომელიც “ქართულ ოცნებასთან” არ თამაშობს, არ ეგუება და ამით შესაძლოა იმ ხალხის გული მოიგოს, რომელიც “ოცნების” მმართველობით უკმაყოფილოა. რა თქმა უნდა, შეიძლება მათი პროცენტები ახლა 27%-ზე გაცილებით ნაკლები იყოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მეტი იქნება, ვიდრე სხვა ცალკე აღებული ოპოზიციური პარტიისა და თუ შევლენ, საერთო ოპოზიციურ ძალაში აითქვიფებიან”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ვერაფერს გააკეთებენ, იმიტომ, რომ უმრავლესობა მაინც “ოცნებას” აქვს და თავის პრინციპებს არ დათმობს. არც მმართველ ძალას და არც ოპოზიციას დასავლეთი არ ადარდებს. რა თქმა უნდა, არ ადარდებს უფრო “ნაცმოძრაობას”. მათი მთავარი ამოცანაა დღეს ხმების მოპოვება. “|ქართული ოცნება” მმართველი ძალაა, ამიტომ ის დასავლეთს უყურებს. როგორც ახლა კობახიძე ვაშინგტონში დაიბარეს და ტყავი გააძრეს, შეიძლება რაღაცეები უთხრან და დაემუქრონ, რომ რაღაცაში არ დაეხმარებიან და ამით მათ ძალაუფლებას ეჭვქვეშ დააყენებენ, ამ ფონზე მმართველი ძალა, მნიშვნელობა არ აქვს ვინაა, დასავლეთს უფრო უწევს ანგარიშს, ვიდრე ოპოზიცია. ანუ “ნაცმოძრაობას” ახლა საზოგადოების გულის მოგება სჭირდება და არა დასავლეთთან კეკლუცობა იმიტომ, რომ დასავლეთი მათ უკვე ეჭვით უყურებს. ამიტომ მთავარი ამოცანაა, რომ ამომრჩევლის დიდ ნაწილში პოპულარობა მოიპოვონ. არშესვლა საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტია, შესვლაში არაა იმდენად არგუმენტი. ამიტომ ეს ყოყმანი ჩემთვის გასაგებია. აშკარად ჩანს, რომ ცოცხალი კამათია და არგუმენტები ერთმანეთს ვერ სძლევენ”, - დაასკვნის ზაქარეიშვილი.

“სულხან მოლაშვილი არ იყო პოლიტპატიმარი და მელია და რურუა არიან პოლიტპატიმრები? არ რცხვენიათ, ამას რომ ამბობენ?” - თამაზ მოლაშვილი

“სულხან მოლაშვილის მამა თამაზ მოლაშვილი წლებია შვილის საქმის გამოძიებას უშედეგოდ ელოდება. იმედი ჰქონდა, რომ “ქართული ოცნება” ამ საქმეს სტრასბურგის მითითებების შემდეგ მაინც გამოიძიებდა, თუმცა თვლის, რომ კოაბიტაციის გამო მისი შვილის მწამებლები დღემდე დაუსჯელი არიან. სულხან მოლაშვილი ამქვეყნიდან ისე წავიდა, ქართულ სასამართლოში სამართალს ვერ მიაღწია. ამას ბატონი თამაზი დღეს განსაკუთრებით განიცდის. მით უფრო, რომ თვეებია, ესმის “ნაციონალური მოძრაობისგან”, რომ ნიკა მელია და გიორგი რურუა პოლიტპატიმრები არიან, “ნაციონალების” ხელისუფლების დროს ნაწამები სულხან მოლაშვილი კი, რომელიც სააკაშვილის პოლიტიკური პატიმარი იყო, ყველას მიავიწყდა”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “სულხან მოლაშვილი არ იყო პოლიტპატიმარი და მელია და რურუა არიან პოლიტპატიმრები? არ რცხვენიათ, ამას რომ ამბობენ?” / “ერთხელ უდუმაშვილმა თქვა, არ გამიგია, სულხანი როდის აწამესო. ნამუსი აქვს ამ ადამიანს?“ / “ქართულმა ოცნებამ” ქუდი უნდა დაიხუროს და წავიდეს, რადგან მათი საბალახო ადგილი აქ აღარ არის”.

“დღეს ისეთ პირებზე გაიძახიან პოლიტპატიმარიაო, გასაკვირია. “ოცნებაზე” ახია, რასაც “ნაციონალები” მათზე ამბობენ, მაგრამ საწყალმა ხალხმა რა დააშავა? ჩემმა ოჯახმა რა ტანჯვაც გამოიარა, ვინმეს ახსოვს? ვინმემ გამოიძია სულხანის დაკავებისა და წამების ამბავი? არადა, სტრასბურგმა სიცოცხლეშივე გაამართლა, პუნქტებად ჩამოაყალიბა, რა უფლებები იყო დარღვეული და დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, სულხანის წამების საქმე გამოეძია და დამნაშავეები დაესაჯა, მაგრამ ყურიც არ შეიბერტყეს. მელიასთან პრეტენზია არ მაქვს, კარგი ბიჭია, კარგი მამის შვილია, მაგრამ ის პოლიტპატიმარი არ არის, უტვინო “ქართული ოცნება” მათ სალაპარაკოს აძლევს... ვინც ნამდვილი პოლიტპატიმრები იყვნენ, იმათზე ხმას არ იღებენ. გიორგი რურუა პოლიტპატიმარია? რურუამ თავისი სიმართლე დაამტკიცოს - ჭირისუფალი სასტიკ ბრალდებას უყენებს და ეს ხომ უნდა გამოიძიოს ვინმემ? ყველაფერი იმან გამოიწვია, რომ ეს კოაბიტაცია მოიგონეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თამაზ მოლაშვილი.

“ძალიან ცუდად იქცევა “ქართული ოცნება”, გაუგებრად, უცოდინრად - არ არიან პროფესიონალები. დღეს `ქართულმა ოცნებამ~ ქუდი უნდა დაიხუროს და წავიდეს, რადგან მათი საბალახო ადგილი აქ აღარ არის. როცა სტრასბურგმა სულხანი გაამართლა, მთავრობას დაავალა, ეს საქმე გამოიძიეთო. კარგა ხანს ძვრა რომ არ იყო, სულხანს ვუთხარი, რატომ არ იძიებენ-მეთქი. მითხრეს, განცხადება დაწერეო. მერე რატომ არ წერ-მეთქი? მამა, მე იურისტი ვარ, ვიცი, საქმის წარმოებას რა უნდა, მურუსიძემ, კუბლაშვილმა, ირაკლი ოქრუაშვილმა და სხვებმა რაც მიქნეს, ის განცხადებაში დავწეროო? ხომ იციან, საქმის გამოძიებას რა სჭირდება და მე თავს სამასხარაოდ არ ავიგდებო. როცა სტრასბურგმა დაგავალა, საქმე გამოიძიეო, რად უნდა ამას ახალი განცხადება? სულხანს ციხეში ჰეპატიტი დამართეს და ერთი წელი კაციშვილმა არ უმკურნალა, სანამ სტრასბურგმა არ მიუთითა, უმკურნალეთო. მერე გადაიყვანეს “რეზბალნიცაში”. დროზე რომ ემკურნალათ, იქნებ ჩემი შვილი დღეს ცოცხალი ყოფილიყო”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ძალიან გულნატკენი წავიდა ამ ქვეყნიდან. ამბობდა, ასეთი იურისტების ხელში სამართალს ვერასოდეს ვიპოვითო. მელიას უნდა პოლიტპატიმარი დაირქვას და გმირად წარმოჩნდეს, მაგრამ სულხან მოლაშვილი არ იყო პოლიტპატიმარი და ნიკა მელია და გიორგი რურუა არიან პოლიტპატიმრები? არ რცხვენიათ, ამას რომ ამბობენ, სინდისი არა აქვთ? 29 ივნისს ხუთი წელი გახდება, რაც სულხანი აღარ არის და ამ ხუთი წლის განმავლობაში დღე არ გათენებულა, არ მეთქვას, როდის ეშველება ამ ქვეყანას-მეთქი. მარტო “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ახსენებს ხოლმე სულხანს, სხვას არავის ახსოვს. ერთხელ უდუმაშვილმა თქვა, არ გამიგია, სულხანი როდის აწამესო. ნამუსი აქვს ამ ადამიანს?” - დასძენს თამაზ მოლაშვილი და შეკითხვაზე - “როგორ ცხოვრობს დღეს სულხან მოლაშვილის ოჯახი?” - პასუხობს:

“უმამოდ დარჩა სულხანის ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. ბიჭებმა ოჯახები შექმნეს და ძალიან კარგი მეუღლეები ჰყავთ. უფროსს, ბაკურს, გოგონა შეეძინა, შუათანას, თამაზს - ვაჟი და სულხანი დაარქვეს. ისეთი ბედნიერი ვიყავი, თითქოს შვილი გამიცოცხლეს. პატარა სულხანის დაბადებამ უდიდესი სიხარული მომგვარა. სულხანის გოგონა სამხატვრო აკადემიის სტუდენტია. მე 82 წლის ვარ და ვაგრძელებ პედაგოგიურ საქმიანობას. საქართველოში ყველაზე ძლიერი ორკესტრი მყავს. ბავშვებთან ურთიერთობას ვაყოლებ გულს, მათ წარმატებებზე ფიქრი მასულდგმულებს”.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა