პოლიტიკოსმა ლევან თარხნიშვილმა „ევროპული საქართველო“ დატოვა. „ჩემი წარმოდგენა პარტიის მომავალზე და ზოგიერთების ერთმანეთს არ დაემთხვა. შესაბამისად, ჩემი ცხოვრების ეს ფურცელი გადაიფურცლა. მადლობა ყველას ვისთანაც ერთად ვიბრძოდით და ვაშენებდით „ევროპულ საქართველოს“. გისურვებთ წარმატებებს. ჩვენი ერთობლივი ბრძოლა ქოცების წინააღმდეგ გრძელდება. მე ამ ბრძოლაში გაჩერებას არ ვაპირებ და ყველაფერს გავაკეთებ ამ ჭირის მოსაცილებლად“, - წერს ლევან თარხნიშვილი.
„ევროპული საქართველო“ დღეს ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.
ცნობისთვის, დღეს დავით ბაქრაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას და პარტიას ტოვებს. როგორც მან განაცხადა, პარტიული პაუზა აიღო, თუმცა „პოლიტიკურ და საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში“ რჩება. „ევროპული საქართველო“ დატოვა ასევე კიდევ ერთმა წევრმა, გიგი უგულავამ. ცოტა უფრო ადრე, „ევროპული საქართველო“ ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ელენე ხოშტარიამ დატოვეს.