საინტერესოა, გენერლებს, რომლებიც ახლა პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში" არიან, რა აზრი აქვთ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ოხანაშვილის თქმით, კასეტური ბომბების გამოყენების თაობაზე სერგი კაპანაძისა და დავით დარჩიაშვილის განცხადებები ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
„გამორიცხული არ არის ეს პირები, ამ უმძიმესი, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გამო ოკუპანტმა ქვეყანამ მათ სასარგებლოდ გამოკითხვაზე ჰააგაში დაიბაროს. უნდა ხვდებოდნენ, რომ ასეთ უპასუხისმგებლო, არასახელმწიფოებრივ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ჰააგაშიც და ყველა საერთაშორისო დონეზე დავიცავთ, თუმცა ის, რასაც ესენი შეგნებულად თუ შეუგნებლად ცდილობენ, არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.