ძალადობის წახალისება, ოპოზიციური პარტიების ოფისებზე თავდასხმა და საზოგადოების პოლარიზება „ქართული ოცნების“ და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სტილია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, რითაც რუსთავის საკრებულოს წევრის დაჭრის ფაქტი და ბათუმში, გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან განვითარებული მოვლენები შეაფასა.
როგორც გიორგი ღვინიაშვილი აცხადებს, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის დროს ხელისუფლება თავის რესურს „უკანონობაზე ხარჯავს“.
„ძალადობის წახალისება, ოპოზიციური პარტიების ოფისებზე თავდასხმა და საზოგადოების პოლარიზება „ქართული ოცნების“ და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სტილია.
მაშინ, როდესაც ქვეყანაში კატასტროფული ეკონომიკური, პოლიტიკური და პანდემიური კრიზისია, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ ამ პრობლემებს მიხედოს, მთელ თავის რესურს ამ უკანონობაზე ხარჯავს.
ამიტომ არის აუცილებელი ამ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება, რადგან „ქართული ოცნება“ ხელისუფლების მართვას ჩამოშორდეს, ქვეყანამ ნორმალური განვითარება გააგრძელოს.
15 მაისის აქცია აუცილებელია, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დააფიქსიროს პროტესტი ამ უკანონობაზე“,-აცხადებს გიორგი ღვინიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ხმაური იყო. ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" აქტივისტები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. "ქართული ოცნების" აქტივისტები შენობაზე სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა.