პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება - ვინ იქნება თავმჯდომარე არ ვიცი, რამდენიმე კანდიდატს შორის მეც მოვიაზრები, - ამის შესახებ დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ბოლქვაძე ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტში კულტურის კომიტეტის ცალკე კომიტეტად შექმნა.
"ვფიქრობ, ეს არის უმნიშვნელოვანესი ხაზი, რადგან განსაზღვრავს კულტურის პოლიტიკას, რაც სამომავლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის წარმოჩინების საქმეში. ამაზე მიბმულია ბევრი თემა, მათ შორის ტურიზმი. მაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი გეგმა, რომელიც უკავშირდება როგორც რეგიონებს, ასევე ახალგაზრდების განათლებას, მუსიკისა და ხელოვნების სფეროს", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილება შეიტანა და კულტურის კომიტეტის შექმნას მხარი დაუჭირა. მესამე მოსმენით დამტკიცებული პროექტის მიხედვით, პარლამენტში არსებულ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს კულტურის სფერო გამოეყოფა და ცალკე კომიტეტად ჩამოყალიბდება.
წინასწარი ინფორმაციით, კულტურის კომიტეტს დეპუტატი, პიანისტი ელისო ბოლქვაძე უხელმძღვანელებს. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ირაკლი მეზურნიშვილის კანდიდატურა განიხილება.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს კი შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ამჟამად კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა.