პოლიტიკოსის გედევან ფოფხაძის განცხადებით, ნებისმიერი „ტრიუკი“ რაც შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთოს, პირველ რიგში, თავად ამ პარტიას დააზარალებს. ამის შესახებ ფოფხაძემ გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, საბოლოო ჯამში მხარეები ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე შეთანხმდებიან.
„საფიქრალია, რომ „ქართულ ოცნებაში“ შიდაგუნდური პრობლემები იქნება. ირაკლი ღარიბაშვილს მოუწევს თავისი რიტორიკა, ერთი მხრივ, შეაჯეროს მოლაპარაკების ფორმატთან და მეორე მხრივ, გუნდის შიგნით არსებულ განწყობებთან. ნებისმიერი „ტრიუკი“ რაც შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთოს, პირველ რიგში, თავად ამ პარტიას დააზარალებს. სანქციებს არ ვგულისხმობ. ამ შემთხვევაში, დასავლურ ვექტორს „ქართული ოცნება“ საერთოდ დაკარგავს.
მე მგონია, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე უნდა შევთანხმდეთ, ხოლო რა იქნება ამის წინაპირობა, ეს დიპლომატიური თემაცაა, არა მხოლოდ პოლიტიკური“, - განაცხადა ფოფხაძემ.