თუ რამე სახელმწიფოში არ შეიძლება ანდო ვინმეს, ეს არის ირაკლი კობახიძე, - ამის შესახებ პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა. ამით ის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის წარდგენას გამოეხმაურა.
გოგიჩაიშვილის შეფასებით, ის არასტაბილური, ემოციური და პრობლემური ადამიანია.
„ირაკლი კობახიძეზე წერს, რომ ის არის ძალიან სტაბილური ადამიანი და მას არაფერი მონდომებია. ირაკლი კობახიძე რითაც დაგვამახსოვრდა ის იყო, რომ სიით დარბოდა ივანიშვილთან და ჩვენზე ეუნებოდა - ამ ხალხს ვერ ვაკონტრლებთ, თავისუფლების ხარისხით გამოირჩევიან, ვიღაცებზე ზრუნავენ, საქმის კეთება უნდათ და საერთო ინტერესებში არ სხედანო. თუ რამე სახელმწიფოში არ შეიძლება ანდო ვინმეს, ეს არის ირაკლი კობახიძე. იმიტომ, რომ ეს არის არასტაბილური, ემოციური, პრობლემური ადამიანი. ეს არის ასანთით ხელში ოთახში მარტო დატოვებული ბავშვი“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. ამასთან, შეგახსენებთ, რომ დღესვე პარტიამ თავმჯდომარეობის ახალ კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარადგინა.