ცესკო საზოგადოების თვალში ჩანს, როგორც არჩევნების გამყალბებელი, - ამის შესახებ დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “ნიუსრუმში“ განაცხადა. ჩუგოშვილის შეფასებით, ცესკო ვერავის არწმუნებს, რომ სწორ გადაწყვეტილებებს იღებს და ამიტომ სრულიად დაკარგული აქვს საზოგადოების ნდობა.
“ძლივს ვატარებთ არჩევნებს ახალი საარჩევნო სისტემის მიხედვით. ამ სისტემის მისაღებად ბევრი ვიომეთ. აღნიშნულ სისტემაში მცირე პროცენტიც განსაზღვრავს, ქვეყანას კოალიციური მთავრობა ჰყავს, თუ ერთპარტიული. როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი არჩევნებია, მმართველი პარტია მესამე ვადით მოსვლაზე იყრის კენჭს და უნდა ქვეყანა ერთპარტიულად 12 წლის განმავლობაში მართოს, არ შეიძლება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კითხვები დატოვოს - არც ერთი კითხვის დატოვება არ შეიძლება! ამ დროს ცესკო უარს ამბობს უბნების დიდი ნაწილის გადათვლაზე. ვხედავთ, რომ გადათვლის ინტერესი არის ძალიან მაღალი. ამიტომ ახლა ცესკო საზოგადოების თვალში ჩანს, როგორც არჩევნების გამყალბებელი. რეალურად რა მოხდა, არ ვიცით, მაგრამ აღქმა ასეთია. თუკი ოქმებში, ბიულეტენებში ყველაფერი სწორადაა, გადათვალონ, რა პრობლემაა, რატომ ამბობენ ამაზე უარს?!“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე შეფასებით, არჩევნები ჩატარდა ცუდად და იყო მოუმზადებელი.
“ამის პირველი სიგნალი იყო, როცა დამკვირვებლები ამბობდნენ, რომ როცა უბნიდან ოქმის წამოღება უნდოდათ, ეუბნებოდნენ, რომ ქსეროქსი გაფუჭდა, კარტრიჯი არ არის, ტექნიკა არ არის და ოქმს ვერ გაგატანთო. მასიურად ამის გაკეთება იმას ნიშნავს, რომ არჩევნები ან საშინლად არაორგანიზებული იყო ან დავალება იყო ასეთი, რომ ოქმები არ გამოეტანათ“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.
მან ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ ცესკოს და ასევე, მმართველი გუნდის წარმომადგენლები იმ ოქმებზე საუბრობენ, სადაც ბალანსი ნაკლებობით არის, მაგრამ არ ლაპარაკობენ ოქმებზე, სადაც ბალანსი არის მეტობით, როცა მოსულ ამორჩეველზე 30-ით და 40-ით მეტი ხმაა ამოსული.
“ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცამ ბიულეტენები ჩაყარა ან ოქმი გადაასწორა ისე, როგორც უნდოდა“, - დასძინა ჩუგოშვილმა.