ლევან გოგიჩაიშვილმა წითელ ხაზს გადააბიჯა, როცა საქმიანი კამათის დროს შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიმართა,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან, ბიუროს სხდომაზე მომხდარი დაპირისპირების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი დაპირისპირება წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება. ვოლსკი მიიჩნევს, რომ ლევან გოგიჩაიშვილის და „ნაციონალური მოძრაობის" ნარატივი იმასთან დაკავშირებით, რომ უამრავი მოქალაქე ხმის მიცემის უფლების გარეშე დარჩება, ერთმანეთს ემთხვევა.
„ემოციები ჭარბობს, იყო აზრთა სხვადასხვაობა - ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ არჩევნები არ უნდა ჩატარდეს და ათეულ ათასობით ადამიანი კორონას გამო დარჩება საარჩევნო ყუთს მოწყვეტილი, ისე რომ ვერ მისცემს ხმას. საპირისპირო აზრი აქვს უმრავლესობის წარმომადგენლებს, გარკვეულწილად ლევანმა, ვფიქრობ, წითელ ხაზს გადააბიჯა, როცა საქმიანი კამათის დროს შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიმართა. სამწუხაროა, რომ ეს ხდება პოლიტიკოსებს შორის პარლამენტში, მაგრამ ახასიათებს წინასაარჩევნო პერიოდს,"- განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისათვის, ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ლევან გოგიჩაიშვილმა ბიუროს სხდომა დატოვა. ლევან გოგიჩაიშვილსა და შოთა ხაბარელს შორის დაპირისპირება ბიუროს ოთახის შესასვლელთანაც გაგრძელდა.