თუ ვანო ჩხარტიშვილი რაიმე კავშირშია ციხის კადრებთან, მას ამისთვის მხოლოდ და მხოლოდ ჯილდო და ორდენი ეკუთვნის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მედიაში გავრცელებული ვანო ჩხარტიშვილისა და ლადო ბედუკაძის აუდიოჩანაწერის შინაარსთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა.
მისივე თქმით, კადრების გასაჯაროებამ გახადა შესაძლებელი ის, რომ ციხეებში სიკვდილიანობა 12-ჯერ არის შემცირებული.
"ორდენის გადაცემის მიზნით უნდა დაიკითხოს ნამდვილად, უნდა გამოვკითხოთ რეალურად მისი დამსახურებაა ეს თუ არადა და ისე გადავცეთ ორდენი. ახლა რაც შეეხება ციხის კადრებს. ციხის კადრები იხილა საზოგადოებამ, ყველამ იცის რა ხდებოდა, კადრებამდეც ყველამ იცოდა, რა ხდებოდა ციხეებში. ყველაფერზე მეტყველებს სტატისტიკა. როცა საპატიმროებში სიკვდილიანობა 12-ჯერ მცირდება, ეს ნიშნავს, რომ იქ ხდებოდა უბედურება. სხვანაირად 12-ჯერ ვერ შემცირდებოდა, სხვანაირად არ შეიძლება წელიწადში 144 გარდაცვლილიდან 12-მდე ჩამოხვიდე“, - განაცხადა კობახიძემ.