„ევროპული საქართველოს“ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სერგო რატიანის შეფასებით, მე-9 მოწვევის პარლამენტში ყველაზე მძაფრი მომენტი 2019 წლის 20 ივნისი იყო.
როგორც რატიანი აცხადებს, ამ დღეს სწორედ „ევროპულმა საქართველომ“ და ოპოზიციამ შეძლო სერგეი გავრილოვის პარლამენტიდან გაძევება.
„მე-9 მოწვევის პარლამენტში ალბათ ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება იყო 20 ივნისი, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დაუშვა ის, რომ ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი, კომუნისტი გავრილოვი, ჩასვეს სპიკერის სავარძელში. ოპოზიციამ, „ევროპულმა საქართველომ“ შეძლო ის, რომ დაეცვა ქართველი ხალხის ღირსება და გაგვეძევებინა ის პარლამენტიდან, სწორედ ამას მოყვა „გავრილოვის ღამე“. ასევე, აღსანიშნავია ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებული კომისია, აქაც „ევროპული საქართველო“ იყო წარმმართველი. ჩვენ შევძელით გამოგვევლინა როგორც მკვლელები, ისე ის ჩინოვნიკები, რომლებიც ხელს აფარებდნენ მკვლელებს.
მნიშვნელოვანი იყოს, რომ მაჩალიკაშილის საქმესთან დაკაშირებით კომისია ვერ შედგა და ეს აჩვენებს „ქართული ოცნების“ სახეს. ოპოზიციის ბოლო წარმატება იყო 8 მარტის შეთანხმება, როდესაც ჩვენ შევძელით და მივიღეთ ახალი კონსტიტუცია, სადაც აღარ იქნება 73 მაჟორიტარი და იქნება პროპორციულთან მიახლოებული არჩევნები. ეს ქართულმა ოპოზიციამ, მათ შორის, „ევროპულმა საქართველომ“ გააკეთა“, - განაცხადა სერგო რატიანმა.