ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ნახევარი ეკონომიკა და განსაკუთრებით ეკონომიკის ის ნაწილი, რომელსაც შემოაქვს ეკონომიკა ქვეყანაში, პრაქტიკულად გაჩერებულია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების პირველ კვარტალში ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა შეინიშნებოდა, მეორე კვარტალის დასაწყისიდან კი ეკონომიკა ნახევრად გაჩერებულია.
,,კორონავირუსის გავრცელების პირველი კვარტალში მეტ-ნაკლებად ყველაფერი კარგად იყო, მან კარგი წვლილი შეიტანა ჩვენს ეკონომიკაში და ზრდა კარგი იყო. მეორე კვარტალის დასაწყისიდან ეკონომიკა ნახევრად გაჩერებულია, ამას რა თქმა უნდა, აქვს თავისი შედეგი. ამასთან, ჩვენ გვახსოვს, რომ პირველ კვარტალში მივიღეთ საკმაოდ დიდი დახმარება, რამაც ფსიქოლოგიური გავლენაც მოახდინა ხალხზე და ინვესტორებზე, ეს კიდევ რაღაცნაირად ინარჩუნებდა ლარის კურსს. ჩვენ გვაქვს სიტუაცია, რომ ნახევარი ეკონომიკა და განსაკუთრებით ეკონომიკის ის ნაწილი რომელსაც შემოაქვს ეკონომიკა ქვეყანაში პრაქტიკულად გაჩერებულია. უცხოური ვალუტა სამწუხაროდ, არის ბევრად ნაკლები ვიდრე იყო ადრე, ეს აყენებს დარტყმას ლარს“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში ტურისტები აღარ შემოდიან, რომლებსაც ძალიან დიდი რაოდენობის უცხოური ვალუტა შემოჰქონდათ.
,,დიდი ეკონომისტობა არ უნდა იმას, რომ ჩვენ გავიგოთ, რომ ტურისტი არ შემოდის საქართველოში. ტურისტს შემოჰქონდა ძალიან დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტა, 3-3.5 მილიარდი იყო ვალუტის შემოტანა წელიწადში, რაც არის ძალიან დიდი რაოდენობა საქართველოსთვის. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი არის 17 მილიარდი და წარმოიდგინეთ, 3 მილიარდი რომ გამოგვაკლდება. კიდევ კარგი, რაღაც სექტორები კიდევ მუშაობს და კოვიდმა არ დააზიანა, იგივე ფერადი ლითონები და ოქრო, განსაკუთრებული რაოდენობით გადის სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ეს ყველაფერი დიდ დახმარებას აძლევს ლარს. მომავალ ხელისუფლებას ძალიან მძიმე პერიოდი ელოდება, ვალი რომელიც იყო აღებული ძალიან დიდია, მაგრამ ეს სამწუხაროდ, არის ისეთი ვითარება, რომელიც არის მოხვეული ჩვენი ნების მიუხედავად ჩვენზე. ეს ეხება მთელს მსოფლიოს, მთელს მსოფლიოში არის ძალიან მძიმე ეკონომიური ვითარება“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.