დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტი არ იყენებს იმ მექანიზმებს, რომლითაც მას ხელისუფლების კონტროლი შეუძლია. აღნიშნულით ჩუგოშვილი გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” მიერ პარლამენტის 2019 წლის საქმიანობის შეფასებას.
„ხშირად, პარლამენტის მხრიდან ბოლომდე არ არის გამოყენებული ის მექნიზმები, რომელიც არსებობს კანონმდებლობაში და რომელიც აძლევს პარლამენტს შესაძლებლობას, რომ იყოს რეალური მაკონტროლებელი ხელისუფლების, უზრუნველყოფდეს ანგარიშვალდებულებას და მოსახლეობის ინტერესების წარმოდგენას“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, დეპუტატების ნაწილი, რომლებსაც სიტყვით გამოსვლის უფლებით არც ერთხელ არ უსარგებლიათ, მმართველმა გუნდმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად წარადგინა.
„პარლამენტს ჰყავს არა მცირე, არამედ საკმაოდ დიდი ჯგუფი წევრებისა, რომლებიც წლების განმავლობაში საერთოდ არანაირ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას არ იღებენ, მათ შორის არც ერთი საჯარო გამოსვლა სხდომათა დარბაზში არ ჰქონიათ. მათი გვარები ჩამოთვლილია ანგარიშში და მათგან ნაწილი დღეს წარდგენილია, როგორც მაჟორიტარული კანდიდატი მმართველი პარტიის მხრიდან. შესაბამისად, როგორც ჩანს, პარლამენტის წევრების ნაწილი, რომლებიც მონაწილეობას არ იღებენ საპარლამენტო საქმიანობაში წლების განმავლობაში, არიან დეპუტატები და იქნებიან კიდევ, როგორც ჩანს, ხელისუფლების მხარდაჭერის წყალობით. მგონია, რომ საპარლამენტო საქმიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ ქვეყნისთვის და ყველა დეპუტატი, რომელიც არის წარმოდგენილი, სრულფასოვნად უნდა მონაწილეობდეს მუშაობაში”,-აღნიშნა ჩუგოშვილმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ პარლამენტის 2019 წლის საქმიანობის კვლევის მიხედვით, მთავრობის წევრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირები, სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას. ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით 21 დეპუტატს ერთხელაც არ უსარგებლია.