მე ახლა პარლამენტის ტრიბუნიდან, დედის გინებით რომ ვილაპარაკო კანონპროექტის შეფასებაზე, რას მიზამთ? რა სანქცია მელოდება? ამაზე არანაირი პასუხისმგებლობა არ დგება ამ ჩვენ ქვეყანაში, - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს.
ადა მარშანია კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლისგან დაინტერესდა, თუ რა ბერკეტი გააჩნია მას საჯარო და მედია სივრცეში გამოთქმულ გინებასთან დაკავშირებით, იმ ფონზე, როცა მედიასაშუალებებიდან ხშირად ისმის გინება და შეურაცხმყოფელი განცხადებები.
„გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება რასაც ჩვენ ვუსმენთ ზოგიერთი არხიდან? თქვენ ხომ ასე არ მიგაჩნიათ ნამდვილად? კანონონმდებლობის თვალსაზრისით არის გენიალურად უკუღმართი სიტუაცია. აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე აქ ხომ არ არის საუბარი. მოდით, ახლა მე პარლამენტის ტრიბუნიდან, ძნელად წარმომიდგენია, მაგრამ დედის გინებით ვილაპარაკო კანონპროექტის შეფასებაზე. რას მიზამთ? რა სანქცია მელოდება? მამის გინებით დავიწყოთ თუ ბებია-ბაბუების გინებით დავიწყოთ საუბარი საჯარო სივრციდან? და ამაზე არანაირი პასუხისმგებლობა არ დგება ამ ჩვენ ქვეყანაში. სისტემატურად ხდება თან და არ არის ეს კერძო პირის გამოხტომა კერძო პირის მიმართ, სახელმწიფოს საფრთხის ქვეშ აყენებს,“- განაცხადა ადა მარშანიამ.
ადა მარშანიას სოფო კილაძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ შეზღუდვები თუ დაწესდება უნდა დაწესდეს ისე, რომ არ აღიქმებოდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად.
„რთული საკითხია. გეთანხებით. ყოველგვარ საზღვარს გადავიდა ზოგიერთი მედიასაშუალების ქცევა, გუშინ მაგალითაც მქონდა მოყვანილი, დავით მათიკაშვილის მამამ გაიკეთა გულის ოპერაცია იმიტომ, რომ შეუვარდნენ და ისე განიცადა ფეიკნიუსები და სიბინძურე. არ ინდობენ ბავშვებს, მოხუცებს, არავის საერთოდ. ისე პირდაპირ მიდის ოჯახებზე შეტევა ადამიანების, ეს არის დაუშვებელი. როცა ვსაუბრობთ გარკვეულ შეზღუდვებზე არ უნდა დარჩეს აღქმა, რომ რაიმე ფორმით გამოხატვის თავისუფლება იზღუდება. აქ ბალანსის დაცვა არის რთული,“ - განაცხადა კილაძემ.
კომუნიკაციების კომისიის წევრის ვახტანგ აბაშიძის განცხადებით, კომისიას აქვს ის ბერკეტრები და ინსტრუმენტები, რომელიც განსაზღვრულია კანონმდებლობით და დღევანდელი კანონმდებლობით ვერცერთ სახელმწიფო უწყებას მაუწყებლის საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვს.