მადლობა თქვენ, სოფო კილაძეს, რომ დეფინიციას სწორად აკეთებთ და აკონკრეტებთ ოპოზიცია ვინ არის ამ ქვეყანაში. გთხოვთ, ოპოზიციაში ჩვენ ნუ "ჩაგვახაჭაპურებთ" „ნაციონალურ მოძრაობასთან,- ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა ადა მარშანიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძეს.
როგორც ადა მარშანიამ აღნიშნა, ქვეყნის გამთლიანების საკითხზე ხელები ჩამოშვებული აქვს მმართველ პარტიას.
„მე არ მესმის როგორ ვცხოვრობთ ჩვენ როგორც ერი და როგორც სახელმწიფო. ასეთი უმძიმესი ამოცანა და მიზანი გვაქვს შესასრულებელი. მესმის, რომ ზოგჯერ ადამიანი იბნევა და დათრგუნულია, რადგან მძიმეა ეს საკითხი - ჩვენი ქვეყნის გამთლიანების და ამიტომ, მგონია, რომ ხელები გვაქვს ყველას ჩამოშვებული. არ შეიძლება, ეს არასწორია," - აღნიშნა ადა მარშანიამ.
ადა მარშანიას სოფო კილაძემ კომიტეტის სხდომაზევე უპასუხა და აღნიშნა, რომ ქვეყნის გამთლიანება არის მმართველი პარტიის მიზანი.
„არავის ხელები არ ჩამოუშვია ქვეყნის გამთლიანებაზე. ჩვენი მიზანი არის ჩვენი ქვეყანა იყოს მთლიანი კვლავ. თქვენ თქვენი შეფასება გაქვთ, მესმის, ოპიზიციის წარმომადგენელი ბრძანდებით და რა თქმა უნდა, უნდა მოუწოდოთ ხელისუფლებას კონკრეტული მიმართულებით, მაგრამ იმაში ვერ დაგეთანხმებით, რომ არაფერს ვაკეთებთ ქვეყნის გამთლიანებისთვის,"- განაცხადა კილაძემ.