ეკონომიკის სამინისტრომ ფილარმონიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, უწყებამ ფილარმონიის მმართველ კომპანია „ინთერნეიშენალ ივენთს" ხელშეკრულება შეუწყვიტა.
„ინტერპრენიუსის" კითხვაზე, რა ეტაპზეა თბილისის საკონცერტო დარბაზის საკითხი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შპს „ინტერნეიშენალ ივენთსთან“ არსებული ხელშეკრულება შეწყვიტა და ამჟამად მიმდინარეობს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ 100%-იანი წილის მართვის უფლებით სახელმწიფოსთვის დაბრუნების პროცედურები.
„ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი კომპანიის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობაა, მათ შორის საკონცერტო დარბაზის განვითარების მიზნით ინვესტიციის ვადაგადაცილებით განხორციელება, წელიწადში არანაკლებ 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობის პირობის დარღვევა, მართვის საზღაურის გადაუხდელობა და სხვა. შესაბამისად, კონტრაქტის მოქმედების პერიოდში ვერ მოხდა „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ სრულფასოვანი განვითარება და ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულების მიხედვით, დარბაზის ფუნქციონირება, რის გამოც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ინტერნეიშენალ ივენთს“ დააკისრა პირგასამტეხლო.
ამასთან, სააგენტომ შეაფასა კომპანიის მიერ წერილობით წარმოდგენილი იმ მიზეზების ობიექტურობა, რის გამოც კომპანიას შეექმნა პრობლემები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და მივიღეთ გადაწყვეტილება მართვის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის თაობაზე",-აცხადებს მინისტრი.
ნათია თურნავას განცხადებით, შპს „ინტერნეიშენალ ივენთის“ მხრიდან დავალიანების დაფარვის მოთხოვნის მიზნით სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი შეიტანა საქალაქო სასამართლოში.
„სახელმწიფო შეიმუშავებს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ განვითარების გეგმას და მოიზიდავს სახსრებს შემდგომში მისი განხორციელებისთვის. ბუნებრივია, გეგმა მომზადებისთანავე წარედგინება საზოგადოებას”,-აღნიშნა მინისტრმა „ინტერპრესნიუსთან’ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 2007 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი/ფილარმონია 49-წლიანი მართვის უფლებით შპს „ინთერნეიშენალ ივენთსს“ გადაეცა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის დარბაზს სახელმწიფოს წინაშე 3,115,146 ლარის და $177,102 დოლარის დავალიანება ერიცხება. 2019 წლის 18 იანვარს ფილარმონიის მმართველმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიას წერილით მიმართა, რომელშიც დავალიანების 9 წელზე გადანაწილებას სთხოვდა.
იხილეთ ვიდეო: ეკონომიკის სამინისტრომ ფილარმონიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო