პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის გამოკლებული წევრის შოთა შალელაშვილის ადგილმონაცვლის ლევან მგალობლიშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა. კომიტეტმა აღნიშნულ საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირა.
კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია დაინტერესდა რა იყო შოთა შალელაშვილის გადაწყვეტილების მიზეზი. თუმცა, როგორც კომიტეტზე აღინიშნა, ეს კითხვა არ ეკუთვნის ლევან მგალობლიშვილს.
მოგვიანებით ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან მმართველი გუნდის მიმართ შალელიშვილის კრიტიკური განცხადებები გაიხსენა. როგორც მან აღნიშნა, შალელაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც კრიტიკულ აზრს აფიქსირებდა ხმამაღლა. თუმცა, ამის მიუხედავად ეკა ბესელია ამბობს, რომ არ იცის, რეალურად რა მიზეზით მიიღო შალელაშვილმა პარლამენტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება.