არაფერს არ ვნანობ, გარდა იმისა, რომ ვთვლი, მეტი შემეძლო ჩვენი ქვეყნისთვის გამეღო და გარკვეული პირადი თუ სხვა მიზეზების გამო, ვერ შევძელი სრულფასოვნად რეალიზება, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი წევრი შოთა შალელაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რითაც პარლამენტის მიერ მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ეხმაურება. როგორც შალელაშვილი აღნიშნავს, მისთვის საქართველოს პარლამენტის წევრობას ყოველთვის ჰქონდა მაღალი პოლიტიკური ფასი და მნიშვნელობა.
„დღეს, როგორც მოგეხსენებათ შემიწყდა საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და გადავწყვიტე საზოგადოებას მივმართო: ცხადია, მიზანმიმართულად და სრული პასუხისმგებლობით გადავწყვიტე პარლამენტის წევრობის დატოვება, ისე, როგორც 3 წლის წინ მე მთელი ენთუზიაზმით და ასევე პასუხისმგებლობით გადავწყვიტე გავმხდარიყავი დეპუტატი.
ჩემთვის, საქართველოს პარლამენტის წევრობას ყოველთვის ჰქონდა მაღალი პოლიტიკური ფასი და მნიშვნელობა, სხვა შემთხვევაში შემეძლო ვყოფილიყავი სხვა, ბევრად დიდი და ფართო პოლიტიკური გავლენის მქონე ქვეყნის ხელისუფლების წევრი. არაფერს არ ვნანობ, გარდა იმისა, რომ ვთვლი, მეტი შემეძლო ჩვენი ქვეყნისთვის გამეღო და გარკვეული პირადი თუ სხვა მიზეზების გამო ვერ შევძელი სრულფასოვნად რეალიზება.
მანდატს ვუბრუნებ პარტიას, რომელსაც ეკუთვნის ის და თავის დროზე ანდო ჩვენმა ხალხმა, ვრჩები საქართველოში და თუკი როდესმე დავინახავ რომ ვჭირდება ჩვენს ქვეყანას, ვეცდები მაქსიმალური გავაკეთო მისთვის. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს ყოფილ კოლეგებს და განსაკუთრებით ჩვენ ქვეყანას“, - წერს შალელაშვილი.