შოთა შალელაშვილს უმრავლესობასთან ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.
სესიაშვილის ინფორმაციით, შალელაშვილის გადაწყვეტილება სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ აქტიურ ბიზნესში დაბრუნების სურვილს უკავშირდება.
„შოთა შალელაშვილი გახლავთ ღირსეული ადამიანი. ის ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და განხილვებში. შოთა შალელაშვილი არის გამოჩენილი ბიზნესმენი და აქვს თავისი საქმე. მისი არჩევანია აქტიურად დაუბრუნდეს ბიზნესს, რაც საპარლამენტო საქმიანობასთან შეუთავსებელია. ამიტომ განაცხადა, რომ ტოვებს პარლამენტს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს. შოთა შალელაშვილმა შესაბამისი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მიმართა.