ან გააძევეთ ბოკერია დარბაზიდან, ან რაც მოხდება, პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ, ვინც ამას იტანთ, - ამ სიტყვებით პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა მიმართა. პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას გიგა ბოკერიასაც რამდენჯერმე მოუწოდა კოლეგებისთვის ბოდიში მოეხადა.
„მე გთხოვთ, ბატონო თავმჯდომარე, მე არ ვიცი ეს პროცესი სადამდე შეიძლება მივიდეს, ნურც ნურავის ნერვებს ნუ ცდით. მე მოგიწოდებთ თქვენ, რომელსაც დეპუტატი ბოკერია ჰქვია, მოუხადე კოლეგებს ბოდიში. ეს არის ღირსების და კოლეგიალობის საკითხი. ისეთი ტერმინებისთვის და გამოსვლებისთვის, რაც ისმოდა, ან გააძევეთ დარბაზიდან, ან რაც მერე მოხდება, პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ, ვინც ამას იტანთ“, - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა. დროის ამოწურვის შემდეგ დეპუტატმა ხმამაღალი საუბარი განაგრძო, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ მას დრო აღარ დაუმატა და სიმშვიდისკენ მასაც მოუწოდა.
„ბატონო ზაზა, ყველამ ერთად ვცადოთ მშვიდ გარემოში გავაგრძელოთ მუშაობა პარლამენტში, თქვენც აქეთკენ მოგიწოდებთ და ყველა კოლეგას“,- მიმართა პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარემ.