დღეს თბილისში ევრაზიის ებრაელთა კონგრესის (EAJC) ფარგლებში მოშე მირილაშვილის სახელობის საგანმანათლებლო ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, ღონისძიებას სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფოროსი, ავთანდილ კვერნაძე, ევრაზიის ებრაელთა კონგრესის პრეზიდენტი, მიხეილ მირილაშვილი, ვიცე პრეზიდენტი, თემურ ხიხინაშვილი, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, შაფთაი ცური, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, შოთა შალელაშვილი, ქართველ ებრალთა მთავარი რაბინი, იაკობ გაგულაშვილი, რუსეთის მთავარი რაბინი, ბერ ლაზარი და ქართველ-ებრაელ რაბინთა ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ.
თბილისის დიდი სინაგოგის თავმჯდომარის, მერაბ ჩანჩალაშვილის განცხადებით, ქართულ-ებრაული სკოლა „ორ ავნერის“ ახალი შენობა 2019 წლის სექტემბერში დასრულდება, იგი 180 მოსწავლესა და 40 პედაგოგზე არის გათვლილი. სკოლის გვერდით, ასევე შენდება ახალი საბაშვო ბაღი 90 აღსაზრდელისათვის.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელებმა ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი მეგობრობის შესახებ ისაუბრეს. მათივე ცნობით, ერთხმად აღინიშნა ამ ურთიერთობისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების აუცილებლობა. ნინო ჭავჭავაძისა და ავთანდილ კვერნაძის განცხადებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მუდმივად თანამშრომლობს ებრაულ თემთან და მიესალმება ყველა იმ ინიციატივასა და წამოწყებას, რომელიც ხელს შეუწყობს მათ განვითარებას საქართველოში.