30.08.2026 / 09:47

წარმოშობით რუსი აქტივისტის, დენის კულანინის ექსტრადიციის საკითხზე სასამართლო პროცესი დღეს ჩატარდება

წარმოშობით რუსი აქტივისტის, დენის კულანინის ექსტრადიციის საკითხზე სასამართლო პროცესი დღეს ჩატარდება

გასული წლის საპროტესტო აქციაზე პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის მსჯავრდებულის, წარმოშობით რუსი აქტივისტის, დენის კულანინის სასამართლო პროცესი დღეს ჩატარდება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 30 აგვისტოს, 11:00 საათზე ჩატარდება.

აღნიშნულ სხდომაზე დენის კულანინის საექსტრადიციო პატიმრობის საკითხზე იმსჯელებენ.

დღეს, დენის კულანინის ადვოკატებისგან ცნობილი გახდა, რომ მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში შიმშილობა დაიწყო, ვინაიდან მას რუსეთში დეპორტაცია ემუქრება.

უფლებადამცველების თქმით, ისინი სასამართლოს დენის კულანინის მისი წარმოშობის ქვეყნის ნაცვლად, მესამე ქვეყანაში გაძევების შუამდგომლობით მიმართავენ.

ადვოკატების განმარტებით, პირს წარმოშობის ქვეყანაში აძევებენ, დენის კულანინის წარმოშობის ქვეყანა კი რუსეთია, სადაცა მას, მათივე თქმით, საფრთხე ემუქრება. უფლებადამცველების თქმით, კულანინს კანონით უფლება აქვს მესამე ქვეყანაში წავიდეს, რის გამოც, მათ მესამე ქვეყანაში ბილეთები აუღეს, თუმცა, გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.

ცნობისთვის, დენის კულანინი წარმოშობით რუსი აქტივისტია, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა. ის 2025 წლის 28 მარტს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალის მიხედვით, მან პოლიციის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა. დენის კულანინს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საპროტესტო აქციებში მონაწილე ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა: დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დენის კულანინი, საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, სიმონ მახარაძე და ავთანდილ თოფჩიშვილი.