
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით, თბილისის N47 საჯარო სკოლა და თბილისის კლასიკური გიმნაზია 15 სექტემბერს სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
კერძოდ, ახალი სასწავლო წლიდან თბილისის N47 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი:
09:00 საათზე დაიწყება I-VI კლასების მოსწავლეებისთვის;
12:00 საათზე დაიწყება VII-X კლასების მოსწავლეებისთვის;
დისტანციურად დაიწყება XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის.
თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში სასწავლო პროცესი:
10:00 საათზე დაიწყება V-IX კლასების მოსწავლეებისთვის;
14:00 საათზე დაიწყება I-IV კლასების მოსწავლეებისთვის;
დისტანციურად დაიწყება X-XII კლასების მოსწავლეებისთვის.
სამინისტროს განცხადებით, ორივე სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყების დროები ისეა გადანაწილებული, რომ სკოლაში მოსწავლეთა ნაკადები ერთმანეთს არ დაემთხვეს და სასწავლო პროცესი ორგანიზებულად წარიმართოს.
„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებისთანავე ორივე სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.
ბოდიშს ვუხდით სასკოლო საზოგადოებას ამ დროებითი დისკომფორტის გამო და მადლობას ვუხდით მოთმინებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ჩვენ დეტალურად განვიხილეთ რუსთაველის გამზირის არეალში მყოფი საჯარო სკოლების საკითხი და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მინიმუმამდე შეგვემცირებინა მოსწავლეთა დისტანციურ რეჟიმში გადაყვანა. აღნიშნული ეხება მხოლოდ პირველ კლასიკურ გიმნაზიასა და N47 საჯარო სკოლას. აღნიშნული შეეხება პირველ კლასიკურ გიმნაზიაში X-XII ხოლო, N47 სკოლაში XI-XII კლასის მოსწავლეებს. ჩვენ ბოდიშს ვუხდით სასკოლო საზოგადოებას შექმნილი დისკომფორტისთვის და მადლიერი ვართ, რომ საზოგადოება გაგებით ეკიდება ამ პროცესს. რეაბილიტაციის დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში აღდგება სასწავლო პროცესი, ხოლო დანარჩენი კლასები ორივე სკოლაში, შესაბამისი შემუშავებული გრაფიკით, რომელსაც სკოლის ადმინისტრაცია მშობლებს წინასწარ გააცნობს, უზრუნველყოფილი იქნება ფიზიკური დასწრება და სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება", - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ.