დონალდ ტრამპი კანადურ საქონელზე ახალი ტარიფების დაწესებას აპაუზებს და ამბობს, რომ ქვეყნები შეთანხმებასთან ახლოს არიან

დონალდ ტრამპი კანადურ საქონელზე ახალი ტარიფების დაწესებას აპაუზებს და ამბობს, რომ ქვეყნები შეთანხმებასთან ახლოს არიან

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადურ საქონელზე ახალი ტარიფების დაწესებას სამი დღით გადადებს, რადგან აშშ და კანადა სავაჭრო შეთანხმებაზე მუშაობენ და მის მიღწევასთან ახლოს არიან.

„კანადის წინააღმდეგ 50%-იანი ტარიფები, რომლებიც ხვალ დილით უნდა ამოქმედებულიყო, სამდღიანი ვადით შევაჩერე იმის გათვალისწინებით, რომ კანადა და აშშ, დოკუმენტების დასრულების შემდეგ, შეთანხმებას მიაღწევენ!“ - განაცხადა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, საბოლოო სავაჭრო შეთანხმებამ შეიძლება Keystone XL მილსადენის აღდგენის საშუალება გააჩინოს. ნავთობსადენი, რომელიც ალბერტას აშშ-სთან დააკავშირებს, ბარაკ ობამასა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციებმა დაბლოკეს.

„შესაძლოა, დიდი Keystone XL მილსადენი, რომელიც დიდი ხნის წინ გაანადგურა მძინარე ჯო ბაიდენმა, საფლავიდან აღდგეს!“ - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ მიმდინარე კვირაში ორჯერ ისაუბრეს. ქვეყნები ინტენსიურ სავაჭრო მოლაპარაკებებს აწარმოებენ ივლისიდან, მას შემდეგ, რაც ტრამპი ახალი გადასახადის დაწესებით დაიმუქრა.