ევროკავშირის წარმომადგენლობა - მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის წლისთავზე, ევროკავშირი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ევროკავშირის წარმომადგენლობა -  მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის წლისთავზე, ევროკავშირი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის წლისთავზე, ევროკავშირი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა X-ზე წერს.

„მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის წლისთავზე, ევროკავშირი გმობს მის წინააღმდეგ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს“, - წერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოში პოლონეთის საელჩოც ავრცელებს.

„ერთი წლის წინ, ცნობილ ქართველ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პოლონეთის საელჩო კვლავ შეშფოთებულია იმის გამო, რომ ეს სასჯელი არაპროპორციული და პოლიტიზებულია. ჩვენ მზია ამაღლობელს სოლიდარობას ვუცხადებთ“, - აცხადებს საელჩო.

ასევე, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა გერმანიის საელჩომ, რომელშიც დიპლომატიური უწყება კვლავაც შეშფოთებას გამოთქვამს განაჩენის "არაპროპორციულობისა და პოლიტიზირების" თაობაზე.

"ერთი წლის წინ ცნობილ ქართველ ჟურნალისტს მზია ამაღლობელს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჩვენ კვლავაც შეშფოთებას გამოვხატავთ ამ განაჩენის არაპროპორციულობისა და პოლიტიზირების თაობაზე და ისევ ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას", - წერს გერმანიის საელჩო თბილისში.