დავით რაქვიაშვილი - თვალსაჩინოა, რომ ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აპირებს საქართველო  რუსეთს გადაუფორმოს - ეს სცენარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა განხორციელდეს

ნათელი და თვალსაჩინოა, რომ ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აპირებს საქართველო გადაუფორმოს რუსეთს - ამ ოპერაციის პირველი ფაზა იყო დასავლეთის მტრად გამოცხადება, მეორე ფაზა 2008 წლის აგრესიაში საქართველოს დადანაშაულება, მესამე იქნება დე იურე საქართველოს სამ ქვეყნად გაფორმება,- ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით რაქვიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს სცენარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა განხორციელდეს.

„ლავროვის განცხადებებში და არც ზატულინის განცხადებებში ახალი არაფერია. 16 წელია უკვე რუსეთი მოითხოვს საქართველოსგან აღიაროს ეგრეთ წოდებული ახალი რეალობა. შეიცვალა მხოლოდ ის, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია პირველად დაემთხვა ამ საკითხში რუსეთის ხელისუფლების პოზიციას. ნათელი და თვალსაჩინოა, რომ ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აპირებს საქართველო გადაუფორმოს რუსეთს. ამ ოპერაციის პირველი ფაზა იყო დასავლეთის მტრად გამოცხადება და ჩვენი, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო მოკავშირეებისგან საქართველოს იზოლირება. მეორე ფაზაში 2008 წლის აგრესიაში საქართველოს დადანაშაულება, რითაც ივანიშვილმა დაადასტურა და დაეთანხმა რუსეთის ნარატივს, რუსეთის მტკიცებას, რომ საქართველოში შემოჭრა, მისი ტერიტორიების ოკუპაცია, აღიარება, ეს ყველაფერი გაკეთდა ოსების და აფხაზების გენოციდის შეჩერებისთვის. მესამე იქნება დე იურე საქართველოს სამ ქვეყნად გაფორმება და მათ შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება რუსული მშვიდობის გარანტიებით.

ამ სცენარში, თუ გახსოვთ, 2014 წელს ანალოგიურად, ყირიმში რუსეთმა მწვანე პატარა კაცუნების მეშვეობით მიაღწია წარმატებას. დღეს საქართველოში თავის განზრახვას პატარა ლურჯი მეოცნებე კაცუნების ხელით აპირებს. მესამე ფაზაში საქართველო ფაქტობრივად იქნება რუსეთის მიერ შეწონილი ისევე, როგორც ეს მოხდა სოხუმია და ცხინვალის შემთხვევაში. ეს სცენარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა განხორციელდეს, ამიტომ ჩვენ, საქართველოს მოსახლეობასთან და ქართულ საზოგადოებასთან ერთად 26 ოქტომბერს ჩამოვაშორებთ პუტინის რეჟიმს ამ ქვეყანას და ჩავშლით საქართველოს ანექსიის რუსულ გეგმას“,- განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას