ვაქცინა მხოლოდ მწვავე ინფექციისგან და მისი მძიმე მიმდინარეობისგან კი არ გვიცავს, არამედ გვიცავს შემდგომი გართულებებისგან, გახანგრძლივებული კოვიდისგან და პოსტკოვიდური სინდრომისგანაც, - ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ალექსანდრე გოგინავას თქმით, ხანგრძლივი კოვიდი ხშირად გულის იშემიური დაავადებების რისკს 40-50-ჯერ ზრდის.
„საკმაოდ ბევრი კვლევაა ჩატარებული და ხანგრძლივი კოვიდის და პოსტკოვიდური სინდრომის რისკები ბევრად მცირდება იმ ადამიანებში, ვინც ვაქცინირებულები იყვნენ და ისე გადაიტანეს კოვიდინფექცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განახევრებულია, 60%-ითაა შემცირებული. ვაქცინა მხოლოდ მწვავე ინფექციისგან და მისი მძიმე მიმდინარეობისგან კი არ გვიცავს, არამედ შემდგომი გართულებებისგან, გახანგრძლივებული კოვიდისგან და პოსტკოვიდური სინდრომისგანაც და ამცირებს რისკებს.
ბევრი შემთხვევა იყო ასეთი, როცა ადამიანს, რომელმაც თუნდაც მსუბუქად გადაიტანა კორონავირუსული ინფექცია, შემდეგ დაემართა გულის იშემიური დაავადება, ჩამოყალიბდა დიაბეტი, დაემართა ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და ა.შ. როგორც მახსოვს, დაახლოებით 40-50-ჯერ ზრდის გულის იშემიური დაავადებების რისკებს კოვიდის გადატანა. „დელტას“ დროს იყო ასეთი სტატისტიკა, რომ ვინც რეანიმაციაში ან ინტენსიურ განყოფილებაში მოხვდნენ დაახლოებით მესამედს დასჭირდა რეჰოსპიტალიზაცია, ხელმეორედ მოხვდნენ საავადმყოფოში“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.