წარმოუდგენელია საუბარი რაიმე კავშირზე არა თუ მაშინ, ახლაც, - ასე უპასუხა „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, გიორგი გახარიას, მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობასთან“.
როგორც ბექა ლილუაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ, მმართველ პოლიტიკურ ძალას ხელისუფლების დაკარგვის რეალური საფრთხე გაუჩნდა.
მისივე თქმით, სწორედ ამით აიხსნება „ქართული ოცნების“ ლიდერის ბრალდებებიც.
„თითოეული ჩვენი მაყურებელი, ვინც უსმენს კობახიძის ამ ორდღიან შემოქმედებას, ალბათ იგრძნობდა გარკვეულ მწუხარებას იმის გამო, რომ კობახიძეს უწევს ამ როლის შესრულება, როგორც ჩანს, თავისი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე.
რა თქმა უნდა, აქ წარმოუდგენელია საუბარი რაიმე კავშირზე არა თუ მაშინ, ახლაც, - ჩვენ გვაქვს ჩვენი გაცხადებული პოლიტიკური ამოცანები, პოლიტიკური დღის წესრიგი, რასაც მივუყვებით და ეს, რასაც ვუყურებთ ამ ორი დღის განმავლობაში, არის უბრალოდ პოლიტიკური რეფლექსირება იმ მოცემულობაზე, რაც პრაგმატული და ხელშესახებია.
ბოლო 9 წლის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ჩვენ პირველად მივიღეთ მოცემულობა, ხუთი თვის ოპოზიციურმა პარტიამ, რომელიც წარმოადგენს პარტია „საქართველოსთვის,“ პირველად რეალური საფრთხე დაანახა ხელისუფლებას, ერთპიროვნული მმართველობის დაკარგვის და ეს საფრთხე რეალურად ხელშესახებია კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში, რომლებიც ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, შესაძლებელია ირაკლი კობახიძემ კიდევ ახალ ისტორიები გამოიგონოს და ამის ფონზე, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სამართლებრივი საქმეც აღიძრას.
„ეს თანდათან ემსგავსება მწყემსის და ცხვრის ფარის იგავ-არაკს, სადაც კობახიძე ამ როლშია, რომ პერიოდულად გამოდის და საზოგადოებას უყვება ათასგვარ ტყუილს, რამდენად არის კოალიციაში და რა ღრმა ფესვები აქვს ამ კოალიციას. დღეს გადასწვდა პანკისის სპეცოპერაციას, როდესაც პრემიერ-მინისტრი კი არ იყო, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო გახარია. მალე ალბათ ვიხილავთ, ბიზნესომბუდსმენი რომ იყო, მაშინდელიდან მოყოლებულ რაღაც კოალიციას. არ ვიცი ეს ფანტაზია სადამდე შეიძლება განვითარდეს, მე არ გამოვრიცხავ, რომ ამის უკან კონკრეტული სამართლებრივი საკითხების წარმოშვას „ქართულმა ოცნებამ“. საერთოდ არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ამ დამოუკიდებელი ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირება, თან ამ მოტივით.
ამ მოცემულობაში სულაც არ იქნება გასაკვირი, ხვალ და ზეგ კიდევ გამოგონილი ისტორიები მოგვიყვეს კობახიძემ თუ სხვამ“, - აღნიშნა ლილუაშვილმა. მისივე განცხადებით, არ არის გამორიცხული, გიორგი გახარიას პროკურატურაში დაბარებაც მოხდეს. „არ გამოვრიცხავ ასეთი სცენარის განვითარებასაც“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას შორის ალიანსი არსებობს და ამაზე კითხვის ნიშნები მთლიანად მოხსნილია. „გახსოვთ, რომ იყო ძალიან საეჭვოდ ჩატარებული სპეცოპერაციები პანკისში - შეიძლება ამის უკანაც იყოს „ნაცმოძრაობის“ კვალი“, - განაცხადა კობახიძემ.