ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები ორი მიზეზის გამო არ იქნება. პირველი ის, რომ რუსეთს მოლაპარაკებების ფანჯარა არ დაეხუროს და მეორე, ამისათვის საკმარისი ძალები საზღვარზე არ არის, - ამის შესახებ ექსპერტმა სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთს კონკრეტული მიზნების მიღწევა სურს და ომის დაწყების შემთხვევაში დიალოგის ფანჯარა იხურება დასავლეთთან.
„ის ცდილობს, რომ ეს ყველაფერი დროში გაწელოს. ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები ორი მიზეზის გამო არ იქნება. პირველი ის, რომ ეს ფანჯარა არ დაეხუროს და ამისათვის საკმარისი ძალები, 2 000 კილომეტრის სახმელეთო საზღვრის ფრონტზე უკრაინის წინააღმდეგ, არ არის. მქონდა ის მოლოდინი, რომ დაძაბავდა ვითარებას საკუთარი მიზნების მისაღწევად დონბასში. დააკვირდით, შოლცი ჩამოფრინდა მოსკოვში და იმ დღეს ორი რამ მოხდა, პუტინმა გამოაცხადა ჯარების გამოყვანის შესახებ და იმავე დღეს დუმამ მიიღო გადაწყვეტილება, მიმართვა პუტინისადმი, რომ აღიაროს. ეს უბრალოდ ჩამოკიდა უკრაინისა და დონბასის თავზე, რომ თუ ვერ მიაღწევს შეთანხმებას, მაშინ ამას მოჰყვება აღიარება. ლოგიკა ის არის, რომ დღეს ბაიდენმა მიიღო რუსეთის მორიგი წერილი, ბაიდენმა თქვა, ჯერ არ წამიკითხავს და ვუპასუხებო. ხვალ ან ზეგ ან 3-4 დღეში მიიღებს რუსეთი პასუხს, პასუხის მიღებამდე ომის დაწყება უბრალოდ ალოგიკურია.
ეს არის უტიფარი სცენარი, რასაც რუსეთი აკეთებს, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ეს ყველაფერი ხდება დონბასში“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.